ახალი ამბები

შსს წუხანდელ აქციაზე 7 ადამიანის დაკავებას ადასტურებს

3 ივნისი, 2023 •
შსს წუხანდელ აქციაზე 7 ადამიანის დაკავებას ადასტურებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, რომ 2 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 7 პირი დააკავა, თუმცა უწყების პრესსამსახურში არ გვითხრეს რამდენი მათგანი რჩება ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში.

განახლება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ. უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში იგულისხმებოდა, რომ ხელწერილის საფუძველზე არავინ გათავისუფლებულა, შესაბამისად შვიდივე დაკავებული ამ დრომდე რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში.

შსს-ს ასევე ვკითხოთ, რჩებოდა თუ არა იზოლატორში აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანი, რაზეც უწყებაში განგვიცხადეს, რომ 7 დაკავებულს შორის არასრულწლოვანი არცერთი არაა.

2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში. პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”. აღნიშნულის შემდეგ პოლიცია აგრძელებდა საპროტესტო პლაკატების წართმევას მოქალაქეებისთვის და ზოგიერთი მათგანის დაკავებას. ერთ-ერთ მათგანს პოლიციამ ცარიელი ფურცელიც გამოსტაცა ხელიდან.

ამ ფონზე, პარლამენტთან შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ სხვადასხვა შინაარსის პლაკატით ხელში. მალე პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ძალოვნები აქციის მონაწილეებს და მათ დაკავებას ცდილობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე და სხვები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ერთ-ერთი დაკავებული პირი არასრულწლოვანია.

2 ივნისს მომხდარი ინციდენტები პირველი შემთხვევა არაა, როცა პოლიცია აქტივისტებს მშვიდობიანი აქციის ჩატარებაში ხელს უშლის. ეს მოხდა პირველი ივნისის საღამოსაც, როცა ძალოვნები აქტივისტებთან მივიდნენ, პლაკატები წაართვეს და დაუხიეს.

პირველ ივნისს კიდევ ერთი ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ მოხდა. ამ შემთხვევაში პოლიციამ რუსული კანონის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავა. ის კარვის გაშლას ცდილობდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ გრიგორიადისი 2 000 ლარით დააჯარიმა.

მთავარი ფოტო მარიამ ნიკურაძის ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი