ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს ხუთმხრივ ფორმატში არაოფიციალურად შეხვდნენ

1 ივნისი, 2023 • 1676
ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს ხუთმხრივ ფორმატში არაოფიციალურად შეხვდნენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი მოლდოვის დედაქალაქში ევროპული სამიტის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა ხუთმხრივ ფორმატში გაიმართა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცი.

ოფიციალური ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე საზღვრების დელიმიტაციაზე, სამშვიდობო შეთანხმებაზე ისაუბრეს. ასევე, შარლ მიშელის განცხადებით, დღევანდელ არაფორმალურ შეხვედრას მოსამზადებელი საფუძველი ჰქონდა ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრისთვის.

ილჰამ ალიევს, ნიკოლ ფაშინიანს და შარლ მიშელს შორის შემდეგი სამმხრივი შეხვედრა  21 ივლისს ბრიუსელში გაიმართება.

მოლდოვაში შეხვედრამდე აზერბაიჯანულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ სწორედ აღნიშნული სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერებოდა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას. თუმცა, მაშინ ერევანმა ინფორმაცია უარყო.

22 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის გარანტიების მიღების შემდეგ, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს. ფაშინიანის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებას სომხეთსა და მთიან ყარაბაღში უკმაყოფილება მოჰყვა.

ხუთმხრივი შეხვედრა მოლდოვაში; ფოტო: trend.az

ხუთმხრივი შეხვედრა მოლდოვაში; ფოტო: trend.az

მასალების გადაბეჭდვის წესი