ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ბრიუსელის მხრიდან პერსპექტივა ადგილზეა და ახლა საქართველოზეა დამოკიდებული მუშაობის გაგრძელება.
„საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა, ამიტომ, ერთადერთი, რაც გასაკეთებელი აქვს, ესაა რეფორმებზე მუშაობის გაგრძელება, პოლიტიკური სტაბილურობის მშენებლობა”, — განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრის დაწყებამდე.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა მოლდოვის ევროინტეგრაციაზე:
„ამ ხალხის და ამ მთავრობის ევროპული ნება ნათელია. ევროპული გზაც ნათელია. მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, რაც თვეების წინ წარმოუდგენელი ჩანდა. ახლა უნდა გააგრძელონ რეფორმები და [გაწევრიანების] გზაც დამთავრებულია“, — თქვა ბორელმა.
ევროპის პოლიტიკური საზოგადოების ფორუმი, ბორელის თქმით, მიზნად ისახავს ევროპის საერთო საგარეო პოლიტიკის მშენებლობას და განიხილავს სამ საკითხს: სტაბილურობა, დაკავშირებადობა და უსაფრთხოება.
ევროპის პოლიტიკური საზოგადოება (EPC) არის სამთავრობათაშორისო ფორუმი პოლიტიკური და სტრატეგიული დისკუსიებისთვის ევროპის მომავლის შესახებ, რომელიც შეიქმნა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით.
ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მეორე შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 47 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, ასევე, ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები.