ახალი ამბები

„ზელენსკიც იძახდა, აი, ნატოს გულიზე ომს დავიწყებთო“ — გომელაურის მანიპულაცია

31 მაისი, 2023 •
„ზელენსკიც იძახდა, აი, ნატოს გულიზე ომს დავიწყებთო“ — გომელაურის მანიპულაცია

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავაში არაფერი უთქვამს ისეთი, რაც მანამდე მსოფლიო ლიდერებს არ გაუხმიანებიათ.

„საერთაშორისო პარტნიორებმა რა თქვეს, მე არ ვიცი. ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ არიან ამოფარებული, თუმცა ხშირად გვლანძღავენ ხოლმე. პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა სრული სიმართლე. ეს ახალი არ იყო. მე მგონი, პირველად არავის გაუჟღერებია. თვით ბატონი ზელენსკიც იძახდა მაგას — აი, ნატოს გულიზე ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკან“, — განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ოპოზიცია და მედია „ჭიანჭველასგან სპილოს შექმნას ცდილობს“.

„ვითომ პირველად თქვა ბატონმა ირაკლიმ, ისეთი რაღაც შეფუთეს, სამწუხაროდ. ეს არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს. იგივე გაიმეორა ბატონმა პრემიერმა და სიმართლე თქვა, რასაც იმეორებდნენ სხვები, მათ შორის ბატონი ზელენსკი“, — დასძინა გომელაურმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის არასდროს უთქვამს, რომ უკრაინა დაიწყებდა ომს ნატოს გამო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე  30 მაისს გამართული დისკუსიისას რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზად“ ნატოს გაფართოება დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილი კრემლის ნარატივის გამეორებისთვის გააკრიტიკეს როგორც საქართველოში, ისე — ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

კრიტიკის კვალდაკვალ სამთავრობო ტელეარხმა „იმედმა“ გამოაქვეყნა მანიპულაციური ქარდი, წარწერით: „პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ის აღარ ითხოვს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, ეს დელიკატური საკითხია, რომელიც პროდასავლურ მეზობლებთან რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო“.

ტელეკომპანიას წყაროდ მოჰყვანილი აქვს France 24-ის 2022 წლის 8 მარტის სტატია, რომელიც თავის მხრივ, ეყრდნობა უკრაინის პრეზიდენტის ექსკლუზიურ ინტერვიუს ABC New-სთან. ის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების მოთხოვნა რუსეთის გაცხადებული „შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო“, France 24-ის ტექსტია და არა – ზელენსკის ციტატა.

პუტინის მიერ უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე მან ვრცლად ისაუბრა 2022 წლის 28 მარტს, რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტებთან ინტერვიუში და თქვა, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენის მიზანი აქვს.

„პუტინს მრავალვექტორული მიდგომა აქვს რუსეთის საკითხზე, რუსეთის ადგილზე მსოფლიოში, რუსეთის ლიდერობაზე და ყველა იმაზე, ვინც რუსეთისგან წავიდა და ვისაც აქვს უფლება, არ იყოს რუსეთი. მთელი ისტორიაა აქ: კავკასია — კავკასიად, ქართველები ქართველები არიან, მოლდოველები — მოლდოველები, უკრაინა კი უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორიებია. უკრაინა სახიფათოა ბევრი თვალთახედვით. პირველ რიგში, ეს ეხება რუსული ენის გავლენის დაკარგვას. მან დაკარგა რამდენიმე მილიონი რუსულენოვანი მოსახლეობა. ახლა უნდა, ეს ძალით დაიბრუნოს“, — თქვა ზელენსკიმ.

მისი აზრით, ვლადიმერ პუტინს აშინებს უკრაინის წარმატების მაგალითიც, იქნება ეს ეკონომიკური, ევროკავშირის მიმართულებით თუ ხელისუფლებაში ახალი ხალხის მოსვლის, რადგან მერე რუსეთშიც დაფიქრდებიან მოქალაქეები, რატომ იქ არ შეიძლება მოხდეს იგივე.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30 მაისს გამართული დისკუსიისას რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზად“ ნატოს გაფართოება დაასახელა.

ბრატისლავაში მიმდინარე დისკუსიის მოდერატორმა ირაკლი ღარიბაშვილს დაუსვა „მარტივი კითხვა“, მისი აზრით, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა: „ყველამ იცის, მგონი, მიზეზი“.

„ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება — ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოდერატორის დამატებით კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა იგი, რომ ნატოს გაფართოება იყო ომის პროვოცირება, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ სურს ამაზე სპეკულირება და არც რუსეთის მთავრობის ციტირება უნდა, მაგრამ, მისი თქმით, „ერთ-ერთი მიზეზი“ ომის დაწყების სწორედ ეს იყო:

„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს დეკლარირებული პოზიციაა, რომ სურს ნატოში გაწევრება. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ თავის მთავარ მიღწევად „მშვიდობის შენარჩუნებას“ ასახელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წელს, ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ამისთვის საქართველომ ჯერ ტერიტორიული პრობლემები უნდა მოაგვაროს.

ბენ ჰოჯესი, ევროპარლამენტარები და სხვები – ღარიბაშვილს ნატოზე განცხადების გამო აკრიტიკებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი