ახალი ამბები

„მტრის ცრუ არგუმენტის გამეორება ღალატია“ — ბოკერია პრემიერის განცხადებაზე

30 მაისი, 2023 •
„მტრის ცრუ არგუმენტის გამეორება ღალატია“ — ბოკერია პრემიერის განცხადებაზე

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30 მაისს გაკეთებულ განცხადებებს ეროვნული ინტერესების ღალატის კიდევ ერთი დემონსტრაციად აფასებს.

„იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ ეთქვა, 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შეფერხება იყო რუსეთის შემდგომი აგრესიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ერთი-ერთში გაიმეორა ის ცრუ არგუმენტი, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში პუტინის რეჟიმისთვის სასარგებლო იდიოტების ან მათ მიერ პირდაპირ დაქირავებულების სალაპარაკო მცდარი თეზისი იყო, თითქოს ნატოს გაფართოებამ აღმოსავლეთით, უკრაინისა და საქართველოს სურვილმა, რომ გამხდარიყვნენ ნატოს წევრები, გამოიწვია რუსეთის აგრესია“, — განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი აპრიორი არის აგრესიული, რისი დასტურიცაა საქართველოსა და რუსეთის სხვა მეზობლების ისტორია:

„პირველი აგრესიის დროს ცხინვალსა და აფხაზეთში საერთოდ არ იდგა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. მოლდოვამ ნეიტრალიტეტი ჩაწერა კონსტიტუციაში, რატომ განხორციელდა აგრესია დრესნისპირეთში? უკრაინის მთავრობამაც გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, თუმცა პუტინის რეჟიმმა ზეწოლა მოახდინა იანუკოვიჩზე და ევროპასთან ასოცირებაზე ათქმევინა უარი. ეს ფაქტებიც კი საკმარისია იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამხელა სიცრუეა ეს. თუ მოღალატე არ ხარ, მტრის ცრუ არგუმენტებს რატომ უნდა იმეორებდე ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას?“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციები უნდა დაწესებულიყო. გიგა ბოკერიას აზრით, დასავლეთის მიერ წარსულში დაშვებულ მძიმე შეცდომებს უნდა იყენებდე იმისთვის, რომ იგივე შეცდომა აღარ დაუშვან და არა — პირიქით.

„იმაზე, რაც რუსეთის აგრესიის გამო ხდება, რატომ უნდა ამბობდე, რომ ვერც ერთი მხრიდან ვერ ვხედავთ ნაბიჯებს მშვიდობისთვისო? ანუ ბოროტება და სიკეთე ერთ ქვაბში მოხარშა. ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი, ეს არ არის უბრალო სიტყვა და როცა ასე იქცევა შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ამას უნდა მიეცეს ადეკვატური შეფასება“, — ამბობს ბოკერია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზი“ ამ უკანასკნელის ნატოში გაწევრიანების განზრახვა იყო.

ღარიბაშვილმა უკრაინაში ომის “ერთ-ერთ მიზეზად” ნატოს გაფართოება დაასახელა

მასალების გადაბეჭდვის წესი