ახალი ამბები

არა მხოლოდ ევროკავშირს, ნატოსაც გადაუსვა ხაზი – ნაცვლიშვილი ღარიბაშვილზე

30 მაისი, 2023 • 1261
არა მხოლოდ ევროკავშირს, ნატოსაც გადაუსვა ხაზი – ნაცვლიშვილი ღარიბაშვილზე

„ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ბრატისლავში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა მოღალატეობრივი იყო.

მისი თქმით, ღარიბაშვილმა არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას, ნატოში ინტეგრაციასაც ხაზი გადაუსვა.

„ძალიან მძიმე იყო საქართველოს პრემიერის სტატუსით მოძრავი ადამიანის განცხადების მოსმენა დღეს მორიგი გლობალური სამიტიდან, სადაც არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე გამოხატა უარი, არამედ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხსაც გადაუსვა ხაზი. ძალიან მძიმეა, ისმენდე ასეთ ნათელ, მკაფიო, მოღალატეობრივ გზავნილებს საერთაშორისო ტრიბუნებიდან.

მე იმედი მაქვს, საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც შესაძლებლობა ექნება ხვალ, ბრიუსელში ისაუბროს, გააჟღერებს, რა სურს ქართველ ხალხს და არა ხელისუფლებას, რომელიც დროებითი და წარმავალია. საუბარი იყო რეფერენდუმსა და პლებისციტზე. ვინც არ იცის, ჩატარებულია რეფერენდუმიც და პლებისციტიც და საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას თავისი მკაფო არჩევანი გაკეთებული აქვს. საქართველოს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციით გარანტირებული ჩანაწერია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზი“ ამ უკანასკნელის ნატოში გაწევრიანების განზრახვა იყო.

აღნიშნული კითხვა პრემიერ ღარიბაშვილს ბრატისლავაში მიმდინარე დისკუსიის მოდერატორმა დაუსვა და ჰკითხა, მისი აზრით, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა — „ყველამ იცის, მგონი, მიზეზი“:

„ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება — ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოდერატორის დამატებით კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა ის, რომ ნატოს გაფართოება იყო ომის პროვოცირება, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ სურს ამაზე სპეკულირება და არც რუსეთის მთავრობის ციტირება უნდა, მაგრამ, მისი თქმით, „ერთ-ერთი მიზეზი“ ომის დაწყების სწორედ ეს იყო:

„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი