თბილისში აქტივისტებმა საღებავები შეასხეს ავტობუსს, რომელიც, ტრანსპორტზე განთავსებული წარწერის მიხედვით, ერთ-ერთ რუსულ ფოლკლორულ ანსამბლს ეკუთვნის. შესაბამის ფოტოებს მოძრაობა “სირცხვილია” ავრცელებს.
ანსამბლი “კამუშკა” რუსეთში, პერმის მხარეში მოქმედებს. ერთ-ერთი ადგილობრივი სახელოვნებო ორგანიზაციის ცნობით, ის სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და საშუალო თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულებს აერთიანებს.
ქალაქ პერმის ადმინისტრაციის ვებგვერდის მიხედვით, თებერვალში “კამუშკამ” “სამშობლოს დამცველის” დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების დროს პერმის გუბერნატორმა რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ჯილდოები გადასცა სამხედროებს, რომლებმაც მოსკოვის მიერ უკრაინაში წარმოებულ სრულმასშტაბიან ომში მიიღეს მონაწილეობა.
რუსული ანსამბლის შეღებილი ავტობუსი. ფოტო: მოძრაობა “სირცხვილია”
რუსული ანსამბლის შეღებილი ავტობუსი. ფოტო: მოძრაობა “სირცხვილია”
ამასთან, ანსამბლის მიერ სოციალურ ქსელში — “ვკონტაქტე” — გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, “კამუშკა” პირველი მაისისთვის გეგმავდა კონცერტს, რომელიც “რუს მეომარს” ეძღვნებოდა. აფიშაზე სახელმწიფო უწყების, პერმის ტერიტორიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელწოდებაცაა დატანილი.
“ურალის ცეკვის ეროვნული ანსამბლი, რომელიც რუსეთში სამთავრობო დაფინანსებას იღებს და ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია.
ანსამბლი, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ, კრემლის გამართულ კონცერტზე იცეკვა, ხოლო იქამდე ჩატარებული კონცერტი “რუს მეომარს” მიუძღვნა, საქართველოში ვერ უნდა შემოდიოდეს”, — წერს მოძრაობა “სირცხვილია”.
საღებავების შესხმის გარდა, აქტივისტებმა ავტობუსზე წარწერებიც დატოვეს.
განახლება[19:20]: ავტობუსის ერთ-ერთმა მგზავრმა “ფორმულას” განუცხადა, რომ ის და მისი თანამგზავრები საქველმოქმედო საქმიანობას ეწევიან და საქართველოში ეკლესიების მოსალოცად ჩამოვიდნენ.
გარეკანის ფოტოზე: შეღებილი ავტობუსი და პერმში “რუსი მეომრისადმი” მიძღვნილი კონცერტის ანონსი