ახალი ამბები

უმრავლესობას არასამთავრობოების მიმართ ნეიტრალური ან დადებითი განწყობა აქვს — კვლევა

24 მაისი, 2023 • 1337
უმრავლესობას არასამთავრობოების მიმართ ნეიტრალური ან დადებითი განწყობა აქვს — კვლევა

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნეიტრალური ან დადებითი განწყობა აქვს.

გამოკითხულთა 32% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, 26% არ ეთანხმება, ხოლო 25% არც ეთანხმება და არც არ ეთანხმება. გამოკითხულთა 17%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევის თანახმად, ენჯეოების მიმართ გამოკვეთილად ნეგატიური განწყობებით არცერთი დემოგრაფიული ჯგუფი არ ხასიათდება, თუმცა ახალგაზრდებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს მათდამი შედარებით უფრო დადებითი განწყობები აქვთ.

წყარო: NDI-საქართველო

NDI-საქართველოს შეფასებით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დადებითი დამოკიდებულება, ძირითადად, სერვისის მიმწოდებელი ენჯეოების დამსახურებაა.

კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 17-23 მარტს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ჩატარდა სულ 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითია. შედეგების ცდომილების ზღვარი 2%-ია.

გარდა ამისა, 20-28 მარტს ჩატარდა კვლევა ფოკუს ჯგუფებში. CRRC-ის კოორდინატორები ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ადგილას აჩერებდნენ შემთხვევით გამვლელებს და სთავაზობდნენ განხილვაში მონაწილეობას, ან არჩევდნენ მონაწილეებს CRRC-ის გამოკითხვის ბაზებიდან. საველე სამუშაოები ჩატარდა 15 ფოკუს ჯგუფში თბილისში, აღმოსავლეთ და საქართველოს ქალაქებში და სოფლებში. თითოეული ტიპის დასახლებაში გამოიკითხნენ ჩატარდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და გადაუწყვეტელი ამომრჩევლები.

ფოკუს-ჯგუფებში ჩატარებული კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მეტწილად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ამბობენ, რომ არსებობენ „კარგი“ ენჯეოები, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ და არ ჩანან, მაგრამ აქტიური ენჯეოები არიან „ცუდი“ ენჯეოები — ასოცირებულნი პოლიტიკურ პარტიებთან. ამ ჯგუფში დომინანტური ნარატივია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს უმეტესად დასავლეთი აფინანსებს, „თუმცა, შეიძლება ვცდებით და ფული რუსეთიდანაც მოდის“. სწორედ ამის გასარკვევად იყო საჭირო, „ქართული ოცნების“ მომხრეების აზრით, კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ.

„ენჯეოები მისაღებია თუ კეთილსინდისიერად მუშაობენ. რატომ არ არის მისაღები, მაგალითად, ქალთა უფლებების დაცვა, ბავშვთა უფლებების. თუ ეს არის ნამდვილად კეთილსინდისიერია, მისაღებია ნამდვილად, მაგრამ გამჭვირვალე უნდა იყოს“, — ამბობს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი 68 წლის ქალი ფოკუს ჯგუფიდან.

ოპოზიციის მხარდამჭერებს ფოკუს-ჯგუფებიდან მიაჩნიათ, რომ ენჯეოები ხალხის ინტერესებს ემსახურებიან და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.

„არასამთავრობო სექტორი თავისი პროფილის მიხედვით, რაც ევალებათ მეტ-ნაკლებად ცდილობენ, თავისი მისია შეასრულონ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხდება ის, რომ სახელმწიფომ რაც უნდა შეასრულოს იმ ფუნქციებსაც კი ითავსებენ ის არასამთავრობოები. თუნდაც ოჯახში ძალადობა, ფსიქორეაბილიტაცია და მრავალი, მრავალი მიმართულება აქვთ აღებული“, — ამბობს 31 წლის კაცი, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერია.

ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დასავლეთის ქვეყნები, USAID, სოროსის ფონდი და მსოფლიო ბანკი აფინანსებენ.

ამავე აზრზე არიან გადაუწყვეტელი ამომრჩევლებიც. „ქართული ოცნების“ ჯგუფებთან შედარებით, ამ ფოკუს ჯგუფებში გამოკითხულ გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს არასამთავრობო ორგანიზაციების და დონორების მიმართ უფრო დადებითი განწყობები აქვთ.

„ენჯეოები კარგია, მაგრამ მეტი პიარი სჭირდებათ, ჩემი აზრით, მარტივი, გასაგები ენით, ხალხს რომ აუხსნან რას აკეთებენ. ეს ინფორმაციის გატანა უნდა გარეთ, თავისი საქმიანობის შესახებ. პიარი,
კარგი პიარი“, — აცხადებ 47 წლის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი თბილისიდან.

კვლევის თანახმად, სამივე ტიპის ჯგუფში გაუჭირდათ კონკრეტული ენჯეოების დასახელება, თუმცა ყველა ჯგუფში შეძლეს ენჯეოების მიერ გაწეული დახმარების შესახებ პირადი ან გადმოცემით გაგებული ისტორიის გახსენება. ამასთან, ყველა ჯგუფში მონაწილეებს მიაჩნდათ, რომ ენჯეოებს და მათ დონორებს არაერთი სფეროს განვითარებაში შეაქვთ წვლილი, მათ შორის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და მსხვერპლთა მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის პროექტები, სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, ქალთა უფლებები, შშმ პირთა უფლებები და სხვა.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი