ახალი ამბები

თუ პუტინი მოლდოვაში ჩავა მას დააკავებენ – სანდუ

23 მაისი, 2023 •
თუ პუტინი მოლდოვაში ჩავა მას დააკავებენ – სანდუ

თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლდოვაში ჩავა მას დააკავებენ. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ Euronews Romania-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მაია სანდუს თქმით, მოლდოვა შეასრულებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააპატიმრებს.

სანდუმ ასე უპასუხა კითხვას, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე, თუ იგი მოლდოვაში ჩავიდოდა.

„დიახ, მოლდოვის რესპუბლიკამ ხელი მოაწერა შეთანხმებას სისხლის სამართლის სასამართლოს შესახებ და მოლდოვა პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სანდუმ.


ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა. პუტინთან ერთად ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისრის თანამდებობა უკავია.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას ბრალი წაუყენეს ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში, რაც ომის დანაშაულად მიიჩნევა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, უკრაინული მხარე იუწყებოდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, და არამხოლოდ, ბავშვები უკანონოდ რუსეთში გადაჰყავდათ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, საუბარია სულ მცირე 16 ათას ბავშვზე.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინზე დაკავების ორდერის გამოცემა საკმარისი არაა, რომ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდოს.

მისი თქმით, დამნაშავის იდენტიფიცირება სასამართლოს საქმეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი