ახალი ამბები

„ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის“ — მამარდაშვილი ვინისიუსთან ინციდენტს განმარტავს

23 მაისი, 2023 • 1280
„ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის“ — მამარდაშვილი ვინისიუსთან ინციდენტს განმარტავს

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი პირად ინსტაგრამ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ვინისიუს ჟუნიორთან მომხდარ დაპირისპირებას განმარტავს.

ქართველი სპორტსმენი აღნიშნავს, რომ მისთვის ყველა ადამიანი თანასწორია და ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის. მამარდაშვილის თქმით, მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელ ლეგიონერ, ვინისიუს ჟუნიორთან მომხდარი ინციდენტისას მხოლოდ თანაგუნდელის დაცვა და მხარდაჭერა ჰქონდა განზრახული:

„ყველა ადამიანი არის თანასწორი. ეს ჩემთვის ცხოვრების ყველაზე მთავარი და პირველი წესია, რომელიც მე არასდროს დამირღვევია. @vinijr პატივისცემა ჩემგან და შენს გვერდით ვარ, იმ მომენტში კი მხოლოდ თანაგუნდელის დაცვას და მხარდაჭერას ვცდილობდი, სხვა რაიმე განზრახვა არ მქონია. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის და ამას ყველა და ერთად უნდა ვებრძოლოთ“ — წერს გიორგი მამარდაშვილი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Gio Mamardashvili (@gmamardashvili25)

საუბარია 21 მაისს ლა ლიგის ფარგლებში „ვალენსიასა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირების დროს მომხდარ ინციდენტზე. „ვალენსიის“ გულშემატკივრებმა მეტოქე გუნდის შემტევს რასისტული ტერმინოლოგიით მიმართეს, რის გამოც მატჩში რამდენიმე წუთით შეწყდა.

შეხვედრის გაგრძელების შემდეგ ორი გუნდის ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტში მონაწილეობდა „ვალენსიას“ ქართველი მეკარეც, თუმცა მატჩის პირდაპირ ტრანსლაციაში არ ჩანდა, თუ რით დაიწყო მორიგი შეხლა-შემოხლა ფეხბურთელებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, მამარდაშვილი თანაგუნდელ მუსას გამოექომაგა ვინისიუსთან მომხდარი ინციდენტისას.

დაპირისპირების დროს ვინისიუს ჟუნიორი მეტოქე გუნდის სპორტსმენს სახში ხელს ურტყამს, რის გამოც მადრიდის „რეალის“ ლეგიონერი მოედნიდან გააძევეს. ყვითელი ბარათი მიიღო ქართველმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმაც.

მამარდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ. კვარაცხელია წერს, რომ ინციდენტის დროს მამარდაშვილი მის თანაგუნდელს იცავდა და აღნიშნავს, რომ ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის:

„მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში, ჩემზე კარგად ცოტამ იცის თუ რას იზამს ის მეგობრის და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი , კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, @vinijr შენს გვერდით ვართ და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს“ — წერს კვარაცხელია „ინსტაგრამზე“.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Khvicha Kvaratskhelia (@kvara7)

მასალების გადაბეჭდვის წესი