ახალი ამბები

რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის – პაპუაშვილი ოპოზიციას პასუხობს

23 მაისი, 2023 • 1024
რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის – პაპუაშვილი ოპოზიციას პასუხობს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

მისი თქმით, ბოლო დროს რუსეთის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ცალმხრივია და მასში საქართველოს ხელისუფლება არ ჩარეულა.

ასე პასუხობს პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთა განცხადებითა, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის ძალიან აქტიური და ფარული კომუნიკაცია მიმდინარეობს.

„არანაირ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის, აქ საუბარია რუსეთის მხრიდან ცალმხრივ გადაწყვეტილებებზე. აქ საქართველოს ხომ არაფერი გადაწყვეტილება არ მიუღია. ცალმხრივად იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის ვალდებულება დაწესებული, ცალმხრივად მოიხსნა ეს ვალდებულება. რაც შეეხება საზღვაო მიმოსვლას, ეს იყო ჩვეულებრივი „ფეიკი“, რომელიც „დროამ“ და ელენე ხოშტარიამ გაავრცელეს სხვადასხვა საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით. ეს ჩვეულებრივი „ფეიკია“, არანაირ საზღვაო მიმოსვლაზე არაა საუბარი.

საუბარია იმაზე, რომ ეს იყო კომერციული ტვირთის მიმოსვლა გემით, რომელიც სრულად ეკუთვნოდა სომხეთს და საქართველო, როგორც საერთაშორისო კონვენციის მონაწილე, რომელიც გულისხმობს, რომ ქვეყანამ, რომელსაც ზღვაზე აქვს გასასვლელი, ვალდებულია სრული თავისუფალი წვდომა მისცეს ზღვაზე იმ ქვეყანას, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. სომხეთი იცით, რომ ხმელეთით ჩაკეტილი ქვეყანაა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, საერთაშორისო კონვენციით ჩვენი ვალდებულებაა, თავი რომ დავანებოთ ჩვენ ორმხრივ ვალდებულებებს სომხეთთან დაკავშირებით, რომ სომხეთს თავისუფალი წვდომა ჰქონდეს შავ ზღვაზე. ეს იყო გადაზიდვა, რომელიც სრულად ტრანზიტული იყო, სომხეთის იყო, არც გემი იყო სანქციების ქვეშ, არც რუსული დროშის ქვეშ და არც ტვირთი იყო სანქცირებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პარლამენტის ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის ძალიან აქტიური და ფარული კომუნიკაცია მიმდინარეობს.

ამის შესახებ დღეს, 23 მაისს, ერთობლივ ბრიფინგი გამართეს ხატია დეკანოიძემ, ანა ნაცვლიშვილმა და თეონა აქუბარდიამ.

დეპუტატების თქმით, ისინი პრემიერ-მინისტრსა და შესაბამის სამთავრობო უწყებებს სადეპუტატო კითხვებით მიმართავენ იმის გასარკვევად, თუ რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან.

სადეპუტატო კითხვების ავტორები არიან:  ხატია დეკანოიძე, ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, ანა ბუჩუკური და თინა ბოკუჩავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი