„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითხოვენ, რომ პარლამენტმა მათი ფრაქციის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყოს, რომელიც სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვას ითვალისწინებს.
ამის შესახებ ენმ-ის წევრებმა დღეს, 22 მაისს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, მათ აღნიშნული კანონპროექტი ჯერ კიდევ შარშან შეიტანეს პარლამენტში, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ უმრავლესობას ის დაჩქარებული წესით განეხილა, მათ ენმ-ის კანონპროექტი თაროზე შემოდეს და საპარლამენტო პროცესი გაყინეს.
მისი თქმით, ფრაქცია აღნიშნულ საკითხს დღეს ბიუროს სხდომაზე დააყენებს.
„რუსულმა ოცნებამ“ შემოუშვა სერგეი გავრილოვი თავის დროზე, რომელმაც საქართველოს მიმართა იმ სკამიდან, საიდანაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მათ შემოუშვეს რუსი პროპაგანდისტი პოზნერი, როდესაც მთელი ქვეყანა დახურული იყო და ადამიანები ულუკმაპუროდ იყვნენ დარჩენილები პანდემიის დროს. მათ შემოუშვეს ახლა უკვე ლავროვის ოჯახის წევრები, რომლებიც არიან საერთაშორისოდ სანქცირებული პირები და რომლებისთვისაც დაკეტილია მთელი თავისუფალი სამყარო.
ვინ იქნება შემდეგი ამ ხელისუფლების პირობებში, თავად ლავროვი? რომელიც არქიტექტორია 2008 წლის ომის, გენოციდის, ჩვენი მოქალაქეების დახოცვის, უკრაინის ომის და რომელიც ამბობს, რომ ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ვის ველოდოთ საქართველოში შემდეგს? ამ ხელისუფლების პირობებში არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მომავალშიც არ შემოვლენ საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული პირები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა იმ იურიდიულ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უნდა მოწესრიგდეს.
კანონპროექტის იურიდიულ დეტალებ
„პირველი – კანონით დადგენილი შეზღუდვები გავრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლის მხრიდანაც ხორციელდება საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და სამხედრო აგრესია. ასევე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ეთანამშრომრემლებიან ისეთ კომპანიებს, რომლებიც სანქცირებულები არიან და ამ შემთხვევაში საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზეც გავრცელდება, თუკი ისინი თანამშრომლობენ უცხო ქვეყნის, ამ შემთხვევაში რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომლებიც სანქცირებულები არიან და რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო მრეწველობაში.
ასევე ეკრძალებათ იმ ქართულ კომპანიებს და საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც სანქცირებულთა სიაში არიან, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაში და ტენდერებში მონაწილეობაში, რადგან ასეთი ფაქტები ამ ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი დაფიქსირდა. ერთი სიტყვით, ეს კანონპროექტი ეხება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც ერთი მხრივ, საქართველოს წინააღმდეგ ოკუპაციის არ აღიარების პოლიტიკას მისდევენ და ასევე უკრაინასთან მიმართებაში ჩართულები არიან სამხედრო მრეწველობაში, არ აღიარებენ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას,“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.