ახალი ამბები

„რუსული თვითმფრინავები ევროკავშირში არ ჯდება!“ — პარლამენტთან დღეს აქცია გაიმართება

20 მაისი, 2023 • 2097
„რუსული თვითმფრინავები ევროკავშირში არ ჯდება!“ — პარლამენტთან დღეს აქცია გაიმართება

რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია დღეს, 18:00 საათზეც გაიმართება.

აქციის ლოზუნგია: „რუსული თვითმფრინავები ევროკავშირში არ ჯდება! რუსული თვითმფრინავი საქართველოს ინტერესში არ ჯდება! რუსული თვითმფრინავი არაფერში არ ჯდება!“

„ჩვენი მოთხოვნა უცვლელია — დაუყოვნებლივ შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან! დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ რუსეთთან ფრენები არის წითელი ხაზი ევროკავშირისთვის და ჩვენს ევროპულ მომავალზე უარის თქმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს არის შეურაცხყოფა საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის. ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი“, — ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

პირდაპირი ფრენები რუსეთიდან

19 მაისს პირველი საპროტესტო აქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გაიმართა, სადაც პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ პირველი რეისის ჩამოფრენას აპროტესტებდნენ, რომელიც რუსულმა კომპანიამ, “აზიმუტმა” შეასრულა.

მოსკოვმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი