ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არძინბამ და ნიკარაგუელმა კოლეგამ NGO-ების ნეგატიურ გავლენაზე ისაუბრეს

18 მაისი, 2023 • 1548
არძინბამ და ნიკარაგუელმა კოლეგამ NGO-ების ნეგატიურ გავლენაზე ისაუბრეს

“აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები არის ინსტრუმენტი ნიკარაგუას სახელმწიფო პროცესებზე გავლენის მოსახდენად და შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის”, – განუცხადა დე ფაქტო მინისტრ ინალ არძინბას აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრმა დენის მონკადამ. ნიკარაგუელ მინისტრს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ციტირებს.

ნიკარაგუა, ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელმაც რუსეთის შემდეგ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

შეხვედრაზე, როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არასამთავრობოებზე საუბარს.

“6,6 მილიონი მოსახლეობის პირობებში ნიკარაგუაში 200 არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, რომელთაც ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეები, მეცნიერები და მწერლები ხელმძღვანელობენ. ამ ორგანიზაციების დაფინანსება, ქვეყანაში შიდაპოლიტიკურ დესტაბილიზაციას და სახელმწიფო გადატრიალებას ისახავს მიზნად”, – ციტირებენ არძინბას უწყებაში ნიკარაგუელ კოლეგას.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნამუშევარ ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და მათ მიმართ მუქარა გაიზარდა. არძინბა ხშირად საუბრობს არასამთავრობოების ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე და აფხაზეთში დასავლეთის ქვეყნების, ასევე, საქართველოს რბილ ძალაზე, რასაც მისი თქმით, არასამთავრობოები ცდილობენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი