ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ხელისუფლების “სამიზნე ორიენტირია”.

სამიტი ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში მიმდინარეობს, ღარიბაშვილი კი გენერალურ დებატებზე სიტყვით 17 მაისს გამოვიდა.

“ბოლო წლებში დემოკრატიებმა ბევრი გამოწვევა იწვნიეს. ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მტკიცე და მედეგია. ჩვენი მთავრობა ერთგულია იმ ვალდებულებებისადმი და იმ ძირეული ფასეულობებისადმი, რომლებიც გულისხმობს თანაბარუფლებიანობას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას და საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში.

ეს ჩვენი მრავალმიზნობრივი და მრავალასპექტიანი მიდგომა გულისხმობს სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის, თავისუფალი გამოხატვის უფლების უზრუნველყოფას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას”, — დასძინა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დებატების მონაწილეებს უთხრა, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ “გააუმჯობესა” როგორც სასამართლო, ისე საარჩევნო სისტემა და ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა.

“ჩვენ წინსვლა გვაქვს სხვადასხვა მიმართულებებით, ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი სამიზნე ორიენტირი. მოგეხსენებათ, რომ გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის დიდი მიზანი. კარგად მოგეხსენებათ, რომ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, ამით დადასტურდა, რომ ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში.

ჩვენ მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ამ მიზნით და მიმართულებით მივდივართ და ყველა, თორმეტივე რეკომენდაციას ვახორციელებთ იმისათვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი”, — დასძინა მან.

რეიკიავიკში ღარიბაშვილის ამ სიტყვას წინ უძღოდა მისი ჰომოფობიური გამოსვლა კონსერვატიული პოლიტიკური კომიტეტის კონფერენციაზე ბუდაპეშტში, 2 კვირით ადრე.

ღონისძიებაში ღარიბაშვილის მონაწილეობა ევროპარლამენტარმა გააკრიტიკეს, ევროპარლამენტში “ოცნების” პარტნიორმა ჯგუფმა, ევროპის სოციალისტურმა პარტიამ კი თქვა, რომ მმართველ პარტიასთან პარტნიორობის გადახედვას განიხილავდა. “ოცნებამ” სოციალისტებს დაასწრო და თავად დატოვა ჯგუფი.