“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანი წითლიძე აცხადებს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, ვინც ხმა მისცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს, ნიკა მაჭუტაძე იყო.
ამასთან, წითლიძე არ გამორიცხავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებისთვის მათი ფრაქციიდან მხარი კიდევ სხვა დეპუტატებსაც დაეჭირა.
“ამ ადამიანებმა დღეს ხელი შეუწყვეს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 წევრი არჩეულია კლანის წევრებად. რეალურად, ამ გადაწყვეტილებით “ქართული ოცნების” საქმე გააკეთეს. ამიტომ ცხადია, რომ როდესაც ეს ადამიანები ოპოზიციას წარმოადგენენ და ეს არის დაახლოებით 5 ადამიანის ხმა, რომელიც უმრავლესობას ჰქონდა, ამომრჩეველსაც და ჩვენც გვჭირდება პასუხი. ოპოზიცია შეთანხმებული ვიყავით, რომ არ მივცემდით “ქართული ოცნების” წარმოდგენილ კანდიდატებს ხმა”, – განაცხადა ანი წითლიძემ.
წითლიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფარული კენჭისყრა იყო, აპირებს, გაარკვიოს ვინ არიან ეს ადამიანები.
“არ გამოვრიცხავ ჩვენი ფრაქციიდან იყვნენ ეს ადამიანები, რადგან ერთი, ვინც თქვა, რომ ხმა მისცა, იყო ნიკა მაჭუტაძე”, – განაცხადა ანი წითლიძემ.
ნეტგაზეთი ცდილობს ნიკა მაჭუტაძესთან დაკავშირებას.
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ ადგილზე დღეს, 17 მაისს, 3 წევრი დაამტკიცა.
ტრისტან ბენაშვილს და ზურაბ გურასპაშვილს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი გზობავას კი — 91-მა დეპუტატმა რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმაც მიიღეს, თუმცა მათი ვინაობა უცნობია.
კენჭისყრა ფარულია, შესაბამისად, ცნობილი არ არის, თუ რომელმა დეპუტატებმა გამოუცხადეს მხარდაჭერა აღნიშნულ კანდიდატებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამი კანდიდატის დამტკიცების შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვეს, რის გამოც სესიაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
საუბარია 5 ოპოზიციონერ დეპუტატზე, რომლებმაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს ხმა მისცეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევას 90 ხმა სჭირდება. 90 დეპუტატი კი არც მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობაშია („ევროპელი სოციალისტების“ დამატებით) და არც ოპოზიციაში.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამჟამად 84 დეპუტატია, „ევროპელი სოციალისტები“ კი პარლამენტში 4 დეპუტატით არიან წარმოდგენილი. ამრიგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად უმრავლესობასა და ოპოზიციას თანამშრომლობა სჭირდებოდათ.








