ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი აქტივისტი აცხადებს, რომ ციხეში აწამებენ

17 მაისი, 2023 • 1261
აზერბაიჯანელი აქტივისტი აცხადებს, რომ ციხეში აწამებენ

პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა აქტივისტმა აბბას ჰუსეინოვმა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც კოლონიაში წამებაზე და მისი სიცოცხლისთვის შექმნილ საფრთხეზე ჰყვება და დახმარებას ითხოვს. აზერბაიჯანის ომბუდსმენი საქმის შესწავლას გეგმავს.

“ყოველ წუთს სიკვდილს ველი. ეჭვი არ მეპარება, რომ მომკლავენ – დღეს იქნება ეს, ხვალ თუ რამდენიმე თვეში. უკანასკნელი თვეების განმავლობაში სასტიკად მცემს და მაწამებს ციხის ხელმძღვანელობა. ხელბორკილებით მიკრავენ ხელებს, იატაკზე მაგდებენ ან რკინის საწოლზე მაბამენ. 11 დღე ვშიმშილობდი, წყალზეც კი უარი ვთქვი”, – ჰყვება აქტივისტი აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობასაც აბბას ჰუსეინოვის დედაც ადასტურებს. დედა, შვილის ცემისა და წამების ფაქტების შესახებ 2018 წელსაც საუბრობდა.

ამავე ჩანაწერში აბბას ჰუსეინოვი მიმართავს ომბუდსმენს და “პატიოსან პოლიტიკოსებს”, არ დარჩნენ გულგრილი მის მიმართ ძალადობისა და წამების ფაქტების მიმართ და დახმარება გაუწიონ.

გამოცემა კავკაზსკი უზელი წერს, რომ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, ქვეყნის პენიტენციურ სამსახურს მიმართეს, თუმცა, უწყებაში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

აზერბაიჯანში “მუსლიმური მოძრაობის” ლიდერი თალეხ ბაგირზადე და მისი 17 მომხრე, მათ შორის აბბას ჰუსიენოვი 2017 წელს დააკავეს, როდესაც პოლიციამ “მუსლიმური მოძრაობის” დაშლის ოპერაცია დაიწყო. ისინი აღნიშნული ოპერაციის შემდეგ არეულობის ორგანიზნებაში დაადანაშაულეს და 10-დან-20 წლამდე ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.

“მუსლიმური მოძრაობის” დაპატიმრებულ წევრები ქვეყანაში პოლიტპატიმრებად მიჩნევენიან. ოფიციალური ინფორმაციით, მათი ნაწილი უკვე შეიწყალეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი