ახალი ამბები

ვაშაძის თქმით, „ოცნების“ დეპუტატი „ქოლცენტრებთანაა“ დაკავშირებული

16 მაისი, 2023 • 892
ვაშაძის თქმით, „ოცნების“ დეპუტატი „ქოლცენტრებთანაა“ დაკავშირებული

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ისკო დასენი „ქოლცენტრებთანაა“ დაკავშირებული.

ამის შესახებ ვაშაძემ დღეს, 16 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით სცადა მისი და უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას „გაშავება“. როგორც ვაშაძე ამბობს, ეს იყო პირდაპირ სუს-ის მიერ დაგეგმილი „ოპერატიული ლეგენდა“, რომელსაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე პროპაგანდისტული მედიები აწარმოებდნენ.

ვაშაძის თქმით, „ქოლცენტრების“ უკან სწორედ „ქართული ოცნება“ დგას და ამიტომ აჭიანურებენ საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„მე ახლა ხელთ მაქვს მტკიცებულებები, თუ როგორ არის დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“ თუნდაც ეს კონკრეტული შემთხვევა და თავიდან ბოლომდე „ქოლცენტრების“ სქემა, რომელიც არა მხოლოდ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, არამედ ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებსაც და ამის არაერთი ფაქტია”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, სინამდვილეში ის სავარაუდო „ქოლცენტრი“, რომლის ფლობასაც სამთავრობო მედია მის ძმას ედავებოდა, ისკო დასენთან არის დაკავშირებული. ვაშაძემ დაასახელა კონკრეტული ადამიანებისაგან შემდგარი სქემა, რომლის კვალიც ბოლოს, მისი თქმით, დეპუტატ ისკო დასენთან მიდის.

ვაშაძის ბრალდებებს უარყოფს ისკო დასენი. მან ვაშაძეს პლენარულ სხდომაზევე უპასუხა. როგორც ისკო დასენი ამბობს, ვაშაძის მიერ დასახელებულ პირებს არ იცნობს და ის ცდილობს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშაძის ოჯახის წევრი მონაწილეობდა ამ დანაშაულის ჩადენაში. დღევანდელი განცხადებით ვაშაძე ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ყველამ ვიცით, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ. დრო ყველაფერს გვაჩვენებს და დადგინდება, თუ ვის მიერაა ჩადენილი ეს დანაშაულები“, – განაცხადა ისკო დასენმა.


5 მაისს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

როგორც გაირკვა, აღნიშნულ შენობაში 25%-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე ფლობს. მისი თქმით, მას მხოლოდ შენობის მეორე სართული ეკუთვნის, სადაც სასტუმრო აქვს გახსნილი, დანარჩენი ფართის შესახებ კი ინფორმაცია არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი