ახალი ამბები

სტატუსზე დანიის პასუხი იქნება დიახ, როცა ვნახავთ ევროკომისიის რეკომენდაციებს – რასმუსენი

15 მაისი, 2023 • 575
სტატუსზე დანიის პასუხი იქნება დიახ, როცა ვნახავთ ევროკომისიის რეკომენდაციებს  – რასმუსენი

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი აცხადებს, რომ ევროკავშირისკენ გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია.

ამის შესახებ მან დღეს, 15 მაისს, საქართველოში ვიზიტისას საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შემდგომაზე, როდესაც ქვეყნები ევროკომისიის რეკომენდაციებს ნახავენ, დანიის პასუხი საქართველოსთვის წევრობის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი იქნება.

„მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და გითხრათ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება – დიახ. თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე, როდესაც ვნახავთ რეკომენდაციებს ევროკომისიისგან. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული გზა ევროკავშირისკენ. ეს ყველაფერი უკავშირდება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, შეასრულოს ეს კრიტერიუმები. საქართველო რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ ამ კრიტერიუმებს თუ შეასრულებს, დანია მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.

მისივე თქმით, დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

„ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, ამბიციების და მისწრაფებების რეალიზება განახორციელოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ დანია მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე.“ – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო ბოლო თვეებში დასავლელი პარტნიორების მხრიდან მაღალი ინტერესით სარგებლობს, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტიც ამ ტენდენციის გაგრძელებაა და საქართველოს მიმართ დანიის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს.

ილია დარჩიაშვილის თქმით, დანიელ კოლეგასთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

მისი თქმით, დანიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ.

„დანიელ კოლეგას გავაცანი ხელისუფლების მიერ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად განხორციელებული მოცულობითი სამუშაო, რომლის თითქმის 80 პროცენტიც უკვე შესრულებულია. საქართველო ერთგულია ევროპული არჩევანისა, რაზეც ხელისუფლების თანმიმდევრული მუშაობა და მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ურყევი მხარდაჭერა მოწმობს. ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მარტივი არ არის და წევრობისკენ მიმავალი მოკლე გზა არ არსებობს, თუმცა მჯერა, რომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული იქნება“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება.

მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა და ლარს ლოკე რასმუსენმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე.

„სწორედ რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით, განვიხილეთ შავი ზღვის მზარდი მნიშვნელობა როგორც ენერგეტიკული, ისე უსაფრთხოების კუთხით და ხაზი გავუსვით სტრატეგიული პროექტების განხორციელების საკითხს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოში სუფთა, მწვანე, განახლებადი ენერგიის წარმოებისა და, ამ კონტექსტში, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მნიშვნელობაზე“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი