ახალი ამბები

უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე – დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

15 მაისი, 2023 • 1971
უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე – დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

„უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე“, – ამ მოთხოვნით დღეს, 15 მაისს, 19:00 საათზე პარლამენტის უკან აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორი მაისის სამოქალაქო მოძრაობა.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, საქართველოს არ აქვს უფლება შევეგუოთ რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას.

„საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება. ქართველი მეომრები იბრძვიან უკრაინელების მხარდამხარ და სიცოცხლეს წირავენ საქართველოს და უკრაინის თავისუფლებას. უკრაინაში დაფრინავენ რუსული რაკეტები, ანადგურებენ ქალაქებს და მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინელი ხალხი საკუთარი სისხლის ფასად იცავს თითოეულ გოჯ მიწას და მედგარ წინააღმდეგობას უწევს დამპყრობელს. ყოველივე ამის ფონზე საქართველოს ხელისუფლება აპირებს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას. როგორ შეგეხებათ პირდაპირი ფრენების აღდგენა თქვენ – მოქალაქეებს“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ,  მაშინ, როცა ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთს, მათ შორის სატრანსპორტო შეზღუდვების მიმართულებით, სანქცირებული კომპანიების საჰაერო ხომალდების მიღება და ამ კომპანიებთან თანამშრომლობა გამოიწვევს საქართველოს ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და თავად ქვეყნის დასანქცირებას  ანუ იგივე რეჟიმში მოქცევას გამოიწვევს.

„ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვეღარ შეძლებთ გაფრინდეთ ევროპულ ქვეყნებში, რადგან საქართველოს აეროპორტიც მოექცევა სანქციების ქვეშ და ავიაკომპანიები, რომლებიც ოპერირებას განახორციელებენ საქართველოში – ვეღარ მიიღებენ საჰაერო ტექნიკის სათადარიგო ნაწილებს.

დასანქცირებული ქვეყანა ავტომატურად ნიშნავს უარს კანდიდატის სტატუსზე !!! ჩვენ არ გვაქვს უფლება შევეგუოთ რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას. ჩვენ ვართ რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ევროპაში და არა რუსეთში“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.


ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით,  რუსული ავიაკომპანიები, რუსული წარმოების თვითმფრინავებით, მოსკოვი-თბილისი/თბილისი-მოსკოვის რეისებს კვირაში 7-ჯერ შეასრულებენ.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენა დააანონსა, საქართველომ აშშ-სგან ქართული აეროპორტების შესაძლო სანქცირებაზე პირველი გაფრთხილება მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის თქმით, თუკი ქართული აეროპორტები სანქცირებულ ავიახომალდებს მოემსახურებიან, თავადაც სანქცირების რისკის ქვეშ დადგებიან.

საქმე ის არის, რომ უკრაინაში რუსეთის  შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებმა და ამერიკამ მოსკოვს მთელი რიგი სანქციები დაუწესა, მათი ნაწილი კი სწორედ სამოქალაქო ავიაციის სფეროს ეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი