ახალი ამბები

„2016-2019 წლებში საქართველოში ევტუშენკოვის თვითმფრინავი 7-ჯერ დაეშვა“ — TV პირველი

14 მაისი, 2023 • 1199
„2016-2019 წლებში საქართველოში ევტუშენკოვის თვითმფრინავი 7-ჯერ დაეშვა“ —  TV პირველი

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, საქართველოში 2016-2019 წლებში სანქცირებული რუსი მილიარდერის, ვლადიმერ ევტუშენკოვის კუთვნილი თვითმფრინავი 7-ჯერ ჩამოფრინდა.

ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასული სიუჟეტის მიხედვით, ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული რადარის ჩანაწერების მიხედვით, ბორტი სერიული ნომრით P4-AFK ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის ზაფხულში, საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე დაეშვა. ტელეკომპანია „პირველის“ მიერ მოპოვებული რადარის მონაცემების მიხედვით, თვითმფრინავი ბათუმში 12 ივლისს 8:58 წუთზე დაეშვა, იმავე დღეს 17:52 წუთზე კი უკან გაფრინდა.

შემდეგი რეისი, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოსკოვიდან თბილისში ამავე თვითმფრინავმა შეასრულა, 2016 წლის 14 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან 6 დღეში შესრულდა. ამჯერადაც ხომალდი საქართველოში ჩამოსვლის დღესვე მოსკოვში დაბრუნდა.

ამის შემდეგ, საგამოძიებო სიუჟეტის ავტორების თქმით, იგივე თვითმფრინავი იმავე სერიული ნომრით თბილისის აეროპორტში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმათველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, 3 ნოემბერს დაეშვა. 2018 წლის 21 მარტს მოსკოვიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10:01 საათზე ჩამოფრინდა და 18:39 საათზე უკან, მოსკოვში გაფრინდა. ამავე წელს, 3 ოქტომბერს, ტელეკომპანია „პირველის“ ფანცხადებით, ევტუშენკოვთან დაკავშირებული ხომალდი თბილისში კვლავ ბრუნდება. შემდეგი ფრენები ბოინგმა სერიული ნომრით P4-AFK 2019 წლის 16 იანვარს და 26 მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეასრულა.

„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ევტუშენკოვთან დაკავშირებული ხომალდის ფრენაზე ინფორმაციას არ ფლობს:

„გამოვრიცხავ, რომ ჩვენს მთავრობას ჰქონოდა რაიმე ასეთი კომუნიკაცია“ — ასე პასუხობს გიორიგ კვირიკაშვილი ჟურნალისტის კითხვას, იმართებოდა თუ არა მისი პრემიერობის დროს აღნიშნული თვითმფრინავით ჩამოსულ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრები. დამატებით კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ამგვარი შეხვედრები ბიძინა ივანიშვილს გაემართა, კვირიკაშვილი პასუხობს: „მე თავს ვერ დავდებ, მაგრამ… დაუსვით კითხვა“. აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც.

თავად ვლადიმერ ევტუშენკოვი ტელეკომპანიასთან საუბრისას უარყოფს ცნობას, რომ მისი თვითმფრინავი საქართველოში დაფრინავდა, დამატებით კითხვებს კი არ უპასუხა. თუმცა, Forbes-ის სტატიის მიხედვით, რომელიც სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან დაკავშირებულ თვითმფრინავებს ეხება, BOEING 737 სერიული ნომრით P4-AFK, მართლაც ვლადიმერ ევტუშენკოვის სახელთანაა დაკავშირებული. გამოცემის ცნობით, თვითმფრინავის რეგისტრაციის ადგილად არუბაა მითითებული, ბოლო ცნობილ ლოკაციად კი დუბაია აღნიშნული.

lightradar24.com-ის მონაცემებით, BOEING 737 სერიული ნომრით P4-AFK ავიაკომპანაი Premier Avia დაფრინავს. კომპანიის საიტზე მითითებული ინფორმაციით, Premier Avia რუსული კომპანიაა, რომელიც სხვა სერვისებთან ერთად, მომხმარებლებს ჩარტერულ რეისებსაც სთავაზობს. ტელეკომპანია „პირველი“ აღნიშნულ კომპანიასაც დაუკავშირდა და იკითხა თუ იყო შესაძლებელი მათ საიტზე მითითებული ამ თვითმფრინავის დაქირავება, რაზეც კომპანიაში პასუხობენ, რომ საიტზე მითითებული ინფორმაცია აქტუალური არ არის.


2022 წელს 25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც,  „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ. ჩანაწერების მიხედვით, – რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, – ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ჩანაწერები youtube – ზე მომხმარებელმა cyber kmara – მ გამოააქვეყნა. ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს.

ახალი, 25 აპრილს ატვირთული ჩანაწერის მიხედვით  კი, 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის. ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა –  ევტუშენკოვი თითქოს ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც „დავითი“ ჩამოიტანს.

მოგვიანებით, ვლადიმერ ევტუშენკოვს ტელეკომპანია „ფორმულა“ დაუკავშირდა. ტელეკომპანიის ცნობით, ევტუშენკოვმა დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილს მართლაც დაურეკა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი