ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში განმარტავენ, რატომ დაუშვეს “საქართველოსთან ვაჭრობა”

12 მაისი, 2023 • 11866
სოხუმში განმარტავენ, რატომ დაუშვეს “საქართველოსთან ვაჭრობა”

აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დე ფაქტო მინისტრმა ბესლან ჯოპუამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოძრაობებთან შეხვედრაზე ისაუბრა ენგურის “საზღვარზე” ვაჭრობის რეჟიმზე.

დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას 31 მარტის განკარგულება  ადგენს იმ საქონლის ნუსხას, რომლის გადატანაც ენგურის გამშვებ პუნქტზე 2023 წლის აპრილიდან უკვე შესაძლებელია. მათ შორისაა მრავალწლიანი და ერთწლიანი ნერგები, თესლი, ცოცხალი შინაური ფრინველი, შინაური ცხოველის საკვები, სოფლის მეურნეობის ტექნიკა, ავტომობილები, ავტომობილის ნაწილები, სატრანსპორტო საშუალებების ძრავის ზეთი. ამასთან, აფხაზური მხარე აზუსტებს, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება.

“ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები წარუმატებლად იყენებენ სასაუბროდ. არავინ ცდილობს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების ლეგალიზებას. ჩვენ, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის განხორციელებისას პრობლემას წავაწყდით. ეს არის ჩვენთვის საჭირო საქონელი. ვფიქრობთ, არასწორი არაფერი გაგვიკეთებია. ამიტომაც, ის რამდენიმე დასახელების საქონელი და აღჭურვილობა დავუშვით, რომლის შემოტანაც საქართველოსთან საზღვრით შეიძლება”.

ამასთან, ჯოპუა ამბობს, რომ რუსეთს ხშირად არ აქვს საშუალება დაეხმაროს აფხაზეთს აფხაზეთის პირობებისთვის გამოსადეგი სუბტროპიკული ნერგებით და სპეციალური ტექნიკით.

“ამიტომაც გვიწევს, მივმართოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც შეუძლიათ თურქეთიდან საქართველოს გავლით, ან თუნდაც საქართველოდან აფხაზეთის ტერიტორიაზე, შემოიტანონ პროდუქცია. ჩვენ შევძელით ლეგალიზება და კონტროლქვეშ აყვანა იმისა, რაც აქამდე საზღვარზე არალეგალურად მიმდინარეობდა. რადგან გვაქვს საზღვარი, ის უნდა სრულფასოვნად მუშაობდეს, უნდა კონტროლდებოდეს ყველაფერი, რაც შემოდის და უნდა დაწესდეს ბაჟი”.

მათ კი, ვინც ეწინააღმდეგება ამ ლეგალიზებულ პროცესს, როგორც დე ფაქტო მინისტრი ამბობს, თავად არიან საზღვარზე არალეგალურ ბიზნესში ჩართული. საქართველოსთან არალეგალური ვაჭრობა კი, როგორც ის აცხადებს, ომის შემდეგ სულ არსებობდა.

“გვსაყვედურობენ, რომ საქართველოსთან ვაჭრობა დავიწყეთ. არავითარი ვაჭრობა არ დაგვიწყია. დავაკანონეთ და კონტროლქვეშ ავიყვანეთ ის, რაც დღეს ხდება საზღვარზე. რამაც პირველ რიგში გავლენა მოახდინა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების შესრულებაზე”.

მან შეახსენა შეხვედრის მონაწილებს ისიც, რომ წლების წინ აფხაზეთმა ოფიციალურად დაუშვა საქართველოში თხილის გატანა და მაშინ რატომღაც არ გამხდარა ეს საკითხი პოლიტიზირებული ოპონენტების მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი