ახალი ამბები

რა იციან ნოღაიდელმა და ”მაესტრომ” ჩხარტიშვილზე?

8 ივლისი, 2010 •
რა იციან ნოღაიდელმა  და ”მაესტრომ” ჩხარტიშვილზე?

21 ივნისს ზურაბ ნოღაიდელმა არაფერი იცოდა  ვანო ჩხარტიშვილის შესახებ, როდესაც მას ტელეკომპანია ”მაესტრომ” ჰკითხა ჩხარტიშვილის საქართველოდან წასვლის და ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკის ყოფილ მინისტრზე ზეწოლის შესახებ.

მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოს” ლიდერი დღეს აპირებს, ისაუბროს ამ საკითხზე. ამის თაობაზე მოსკოვიდან დაბრუნებულმა ნოღაიდელმა 7 ივლისს განაცხადა, როცა ჟურნალისტებთან მისი მოსკოვში მერვე ვიზიტი შეაჯამა.

ინფორმაცია, რომელიც გუშინ გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტოებმა ჩხარტიშვილის შესახებ, ტელეკომპანია ”მაესტრომ” ჯერ კიდევ 21 ივნისს გადასცა.

”მაესტროს” ინფორმაციის წყარო დასახელებული არ ჰქონდა, თუმცა აცხადებდა, რომ ჩხარტიშვილმა  საქართველო დატოვა, რადგანაც ხელისუფლება მას აიძულებდა, ცრუ ჩვენება მიეცა ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ. ”მაესტროს” ცნობით, ჩვენებაში უნდა ჩაწერილიყო, რომ ნოღაიდელმა პრემიერობის დროს ჩხარტიშვილისგან ქრთამი აიღო. ტელეკომპანია მაშინ იუწყებოდა, რომ ჩხარტიშვილმა ჩვენებაზე უარი თქვა, რის გამოც ხელისუფლებამ 25 მილიონი მოსთხოვა.

მაშინ ”მაესტრომ” ნოღაიდელს თხოვა ამ თემაზე კომენტარი. სიუჟეტში ნოღაიდელი იცინის და ამბობს, რომ გადაამოწმებს ამ ინფორმაციას.

ჩხარტიშვილის მეზობლები ბურკიაშვილის  ჩიხში ამბობენ , რომ  საქართველოს ვაჭრობისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრმა საქართველო სამი თვის წინათ დატოვა.

ჩხარტიშვილის მეგობარმა, ზაზა სიორიძემ 7 ივლისს ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში დაადასტურა, რომ ვანო ჩხარტიშვილმა საქართველოს საზღვრები დატოვა და დასძინა, რომ  მიზეზებზე საუბრის უფლება არ აქვს.

ნოღაიდელი ოფიციალურ განცხადების გაკეთებას  დღეს, 8 ივლისს, 13 საათზე, გეგმავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი