ახალი ამბები

„დადგმული პროვოკაცია“ – კობახიძე ვიდეოზე, რომელშიც სავარაუდოდ „ვაგნერელები“ საქართველოს ემუქრებიან

11 მაისი, 2023 • 950
„დადგმული პროვოკაცია“ – კობახიძე ვიდეოზე, რომელშიც სავარაუდოდ „ვაგნერელები“ საქართველოს ემუქრებიან

“აშკარად დადგმული პროვოკაცია” – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვიდეოს, სადაც პირები, რომლებიც თავს „ვაგნერელებს“ უწოდებენ, შეურაცხყოფენ საქართველოს დროშას და იმუქრებიან, რომ „შემდეგი თქვენ იქნებით, ქართველები“.

დღევანდელ ბრიფინფინგზე ურნალისტებმა კობახიძეს ამ ვიდეოს შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვეს. პოლიტიკოსმა უპასუხა, რომ ადგილი აქვს პროვოკაციას „კონკრეტული სუბიექტების მხრიდან“, თუმცა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

„ეს იყო აშკარად დადგმული პროვოკაცია. ასეთ პროვოკაციებზე კომენტარებს შეგნებულად არ გავაკეთებთ. დეტალებში არ შევალ, მაგრამ თქვენ იხილეთ არაერთი დადგმული პროვოკაცია კონკრეტული სუბიექტების მხრიდან. არ მინდა ამ დეტალებში შევიდე, როდესაც ნიღბიანები, ვინც შეიძლება იყოს ნებისმიერი სუბიქეტი, გამოდიან და პროვოკაციულ განცხადებას აკეთებენ. ჯერ მოიხსნან ნიღბები და მერე გავაკეთებთ კომენტარებს“, – თქვა მან.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ხომ არ მიანიშნებს იგი ქართველების დადგმულ პროვოკაციაზე, კობახიძემ უარყოფითად უპასუხა.

რა ვიდეოზეა საუბარი

დღეს გამოქვეყნებულ ვიდეოში ორი ნიღბიანი პირი [როგორც თავად ამბობენ – „ვაგნერელები“] ჩანს. ერთს ხელში საქართველოს დროშა უჭირავს, მეორეს – ევროკავშირის.

ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ბრძოლაში გაანადგურეს ქართველები და მათი დროშები იპოვეს.

“იცით, რას ვუშვრებით იმ ქვეყნების დროშებს, ვინც ჩვენს დროშას აყენებს შეურაცხყოფას? უყურეთ და იცოდეთ, რომ შემდეგი თქვენ იქნებით“, – ამბობს ვიდეოს მონაწილე და შემდეგ საქართველოს დროშას შეურაცხყოფას აყენებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი