ახალი ამბები

უკრაინაში ნაციზმზე გამარჯვებას ამიერიდან 8 მაისს აღნიშნავენ

8 მაისი, 2023 • 1827
უკრაინაში ნაციზმზე გამარჯვებას ამიერიდან 8 მაისს აღნიშნავენ

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც უკრაინა ნაციზმზე გამარჯვებას 9 მაისის ნაცვლად 8 მაისს აღნიშნავს – იუწყება „უნიანი“.

9 მაისს კი უკრაინაში ამიერიდან აღნიშნავენ „ევროპის დღეს“ – ყველა იმ ევროპელის ერთობის დღესასწაულს, ვინც ნაციზმი დაამარცხა.

როგორც ზელენსკი ვიდეომიმართვაში ამბობს, უკრაინელებმა ნაციზმის დამარცხება ევროპასთან ერთად 8 მაისს უნდა აღნიშნონ.

მისი თქმით, ასე დაუბრუნდება უკრაინას  „პატიოსანი ისტორია იდეოლოგიური მინარევების გარეშე“.

„სწორედ 8 მაისს იხსენებს მსოფლიოს ხალხთა უმრავლესობა ნაციზმზე გამარჯვების დიდებას. სწორედ 8 მაისს მიაგებენ პატივს ყველას, ვისი სიცოცხლეც იმ ომმა წაიღო. სწორედ 8 მაისს შევიდა ძალაში ვერმახტის [ნაცისტური გერმანიის შეიარაღებული ძალები] უპირობო კაპიტულაციის აქტი“, – ამბობს იგი.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ახლა უკრაინა იგივე ბოროტებას ებრძვის:

„სამწუხაროდ, ბოროტება დაბრუნდება. აგრესორი ახლა კი სხვაა, მაგრამ იგივე მიზანი აქვს – დამონება ან განადგურება“.

ნაციზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღი უკრაინაში საკანონმდებლო დონეზე ბოლოს  2015 წელს დარეგულირდა. მაშინ რადამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, 8 მაისს აღინიშნება ხსოვნისა და შერიგების დღე, 9 მაისს კი – მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღე.

რა განსხვავებაა 8 და 9 მაისს შორის და რატომ

დასავლეთის ქვეყნებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება 8 მაისს, ხოლო რიგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში – 9 მაისს.

ასე იმის გამო მოხდა, რომ გერმანულმა მხარემ ხელი მოაწერა ორ შეთანხმებას უპირობო კაპიტულაციაზე – ერთს დასავლეთის ძალებთან, მეორეს – საბჭოთა კავშირთან.

1945 წლის 7 მაისს ქალაქ რეიმსში გერმანიამ, რომელსაც წარმოადგენდა ვერმახტის გენერალი ალფრედ იოდლი, ხელი მოაწერა უსიტყვო კაპიტულაციას. დოკუმენტი ძალაში მეორე დღეს, 8 მაისს შევიდა.

საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს, იოსებ სტალინს სურდა ხაზი გაესვა ნაციზმზე გამარჯვებაში საბჭოთა კავშირის როლზე. ამიტომ 8 მაისს ბერლინში, საბჭოთა კავშირის შტაბ-ბინაში, 7 მაისს კიდევ ერთხელ მოეწერა ხელი გაფორმებული კაპიტულაციის იდენტურ დოკუმენტს .

გერმანიის მხრიდან უსიტყვო კაპიტულაციას ხელი მოაწერა ვერმახტის (ნაცისტური გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელწოდება 1935-1945 წლებში) გენერალ-ფელდმარშალმა, ვილჰემ კაიტელმა. ამ დოკუმენტზე ხელმოწერით მეორე მსოფლიო ომში გერმანიის შეიარაღებული ძალების მოქმედება ოფიციალურად შეწყდა 1945 წლის 8 მაისს, 23:01 საათზე.

მოსკოვის დროით საბჭოთა კავშირში უკვე 9 მაისი იყო.

მოკავშირეები – აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, საფრანგეთი, ნორვეგია და ახლა უკვე უკრაინაც- ნაციზმზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავს. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები – რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო კი – 9 მაისს.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/405996/?fbclid=IwAR3gG_L0EnZu476zs_vJIm2CAiGDIH_AbjTrMYeQEKuuI5iq4cGr5kCaftg

 

მასალების გადაბეჭდვის წესი