ახალი ამბები

ღარიბაშვილი EU-ს სტატუსზე: მჯერა ჩვენი ევროპელი მეგობრები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ

6 მაისი, 2023 • 1082
ღარიბაშვილი EU-ს სტატუსზე:  მჯერა ჩვენი ევროპელი მეგობრები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ

„მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს“ — ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გააკეთა.

პრემიერის განცხადებით, ქართველი ხალხი და ქვეყნის მთავრობა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს თუმცა აღნიშნავს, რომ ეს სიმბოლური აქტია, თუმცა მნიშვნელოვანი:

„მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“ — ამბობს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, ევროპასთან და ევროპელ ხალხთან საქართველოს აკავშირებს ძალიან ბევრი საერთო ღირებულება და ფასეულობა და ეს ფასეულობები ეფუძნება სწორედ ქართულ, იდენტურ, ქრისტიანულ ღირებულებებს:

„შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩვენი ხელისუფლების სრული მზაობა იმისათვის, რომ გავაგრძელოთ რეფორმები, რომელიც არის პირველ რიგში აუცილებელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და მეორე რიგში ეს არის კიდევ უფრო მეტად დამაახლოებელი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და საზოგადოებასთან.

ჩვენ ევროპასთან და ევროპელ ხალხთან გვაკავშირებს ძალიან ბევრი საერთო ღირებულება და ფასეულობა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ფასეულობები ეფუძნება ჩვენს ქართულ, იდენტურ, ქრისტიანულ ღირებულებებს და ამაზე არის დაფუძნებული თანამედროვე ევროპაც. შესაბამისად, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ელჩებო, პატივცემულო სტუმრებო, მე მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით, დიდი მადლობა. ვუსურვებ ევროპას მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას ჩვენს ხალხებს,“- განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი