აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურო, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზეა პასუხისმგებელი, მიესალმება საქართველოს ძალისხმევას საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერის საქმეში. შესაბამისი პოსტი უწყების “ტვიტერის” გვერდზე გამოქვეყნდა.
“მივესალმებით საქართველოს მიერ გულდასმით განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში, რომელიც აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება”, — აღნიშნავს ბიურო.
პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელიც საქართველოს შემოსავლების სამსახურისთვის რენტგენო სკანერის გადაცემის ცერემონიაზეა გადაღებული. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ცერემონიაში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიიღო მონაწილეობა.
რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სანქციების კოორდინატორმა, ჯიმ ობრაიენმა თქვა, რომ ფინანსური სანქციების მხრივ საქართველო ძალიან გულმოდგინედ ასრულებს სანქციებს, თუმცა საქართველოს გავლით რუსეთში ელექტრონული ნივთების ტრანზიტი მომატებულია:
“ასეთი ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო წლის ბოლომდე, ანუ იმ დრომდე, სანამ ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ამ საქონელზე შეზღუდვები დააწესეს. ჩვენ მოველით, რომ ტრანზიტის ეს მონაცემები ძალიან სწრაფად შემცირდება”, — თქვა მან.
ობრაიენმა ასევე დასძინა, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს.
“ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. ალბათ, ისინი ამბობენ, რომ ამ საქონელს რუსეთში გაგზავნიან, მათ შეიძლება იციან ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ. ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ და თავიდან აიცილონ ამ სახის ვაჭრობა”, — დასძინა მან.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად დასავლეთის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს. თუმცა, საქართველო იცავს რუსეთისთვის დაწესებულ ფინანსურ სანქციებს, რომელიც საბანკო სისტემას შეეხება.