„ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონობის ზეიმის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, იტყობინება იტალიური სპორტული გამოცემა „ტუტოსპორტი“.
როგორც გამოცემა პოლიციაზე დაყრდნობით წერს, ზეიმის დროს რამდენიმე დაშავდა, აგრეთვე იყო სროლაც, გარდაცვლილია 26 წლის კაცი, რომელიც კარდარელის ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.
„ლა გაძეტა დელო სპორტ“ წერს, რომ სხვადასხვა მიზეზით დაშავდა სულ მცირე 203 ადამიანი – ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია. აგრეთვე, თავს დაესხნენ სამ პოლიციელს.
გამოცემის ცნობით, დაღუპული 26 წლის ვინჩენცო კონსტანცოა. თუმცა ნეაპოლის პრეფექტი კლაუდიო პალომბა ამბობს, რომ კონსტანცოს მკვლელობა არ უკავშირდებოდა ჩემპიონობის აღნიშვნას და მას სხვა მიზეზით, წინასწარ ჩაუსაფრდნენ.
„ნაპოლი“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია ასპარეზობს, გუშინ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ, ისტორიაში მესამედ გახდა იტალიის ჩემპიონი, რაც გულშემატკივრებმა ქალაქ ნეაპოლში დიდი ზეიმით აღნიშნეს.







