ახალი ამბები

გერმანელი დეპუტატის თქმით, ნიკა გავრამიასთან არ შეუშვეს

4 მაისი, 2023 • 835
გერმანელი დეპუტატის თქმით, ნიკა გავრამიასთან არ შეუშვეს

გერმანიის პარლამენტის დეპუტატი თომას ჰაკერი აცხადებს, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებელთან, ნიკა გვარამიასთან ციხეში არ შეუშვეს. ამის შესახებ მან “მთავარ არხთან” განაცხადა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანელი დეპუტატები დღეს, 4 მაისს, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ხვდებიან. თომას ჰაკერის თქმით, შეხვედრაზე, მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების საკითხთან ერთად, ყურადღებას გაამახვილებენ  ნიკა გვარამიასთან არშეშვების ფაქტზეც.

“როგორც იცით, მე არ მომცეს ნიკა გვარამიას ციხეში მონახულების უფლება. იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე ამ საკითხზეც გავამახვილებთ ყურადღებას.

როგორც ევროპარლამენტი, ასევე გერმანიის ბუნდესტაგი, ხედავს ნიკა გვარამიას პატიმრობის უფრო მეტ პოლიტიკურ მიზეზს, ვიდრე სხვა საბაბს. ეს მედიის თავისუფლების საკითხის ნაწილია და უქმნის დაბრკოლებებს საქართველოს მის გზაზე, გახდეს პლურალისტური საზოგადოების მქონე ქვეყანა. და როგორც უკვე იცით, მედიის თავისუფლება 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია”, — განაცხადა ჰაკერმა [მთავარი არხის თარგმანი].

თომას ჰაკერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ის გვარამიასთან ციხეში არ შეუშვეს, “ნეტგაზეთი” იუსტიციის სამინისტროსთან და პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებას ცდილობს. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

გერმანიის ბუნდესტაგის ევროპის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები, 5 დეპუტატი სხვადასხვა პარტიიდან, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი გუშინ შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის საკითხთა კომიტეტის წევრებს. საუბარი შეეხებოდა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას.

გარეკანის ფოტო: FB/Thomas Hacker

მასალების გადაბეჭდვის წესი