ახალი ამბები

უკრაინის თავდაცვის განცხადებით, გასულ ღამეს რუსეთის დრონების თავდასხმა მოიგერიეს

4 მაისი, 2023 • 770
უკრაინის თავდაცვის განცხადებით, გასულ ღამეს რუსეთის დრონების თავდასხმა მოიგერიეს

უკრაინის თავდაცვის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში საბრძოლო დრონების იერიში მოიგერიეს. უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით, ჯამში, 24 ე.წ. კამიკაძე დრონი გაუშვა, რომელთაგან 18-ის განეიტრალება უკრაინულმა მხარემ შეძლო.

კიევის თქმით, მტერმა უკრაინის ტერიტორიას ჩრდილოეთიდან (ბრიანსკის ოლქი) და სამხრეთიდან (აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან) შეუტია, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და მობილური ჯგუფების მეშვეობით დრონების უმეტესობის მოგერიება მოხერხდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, საჰაერო განგაშის სიგნალები გასული ღამის განმავლობაში ისმოდა კიევის, ჩერნიჰივის, სუმის, პოლტავის, ხარკოვის, ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, ასევე, დედაქალაქ კიევში. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, ბოლო 4 დღეში კიევი მესამედ გახდა საჰაერო თავდასხმის სამიზნე.

ამასთან, დედაქალაქის ადმინისტრაციის განცხადებით, კიევის მიმართულებით რუსეთმა ბალისტიკური ჭურვებიც ისროლა, რომელთა განადგურებაც ანტისარაკეტო სისტემებით მოხდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონების ნაწილები კიევის ქუჩებსა და საცხოვრებელ კორპუსებზე ჩამოცვივდა, თუმცა მნიშვნელოვანი დაზიანებების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

მომხდარს წინ უძღოდა რუსეთის ხელისუფლების ბრალდება, რომელიც უკრაინას ადანაშაულებდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობასა და კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატებით [დრონი] თავდასხმაში და იმუქრებოდა, რომ „იტოვებს უფლებას, უპასუხოს თავდასხმის მცდელობას, სადაც და როცა საჭიროდ მიიჩნევს“.

კიევი ბრალდებებს უარყოფს და ხაზს უსვამს, რომ უკრაინა სხვის ტერიტორიას თავს არ ესხმის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი