საზოგადოება

თავდასხმა კრემლზე? – რა (არ) ვიცით

3 მაისი, 2023 • 2439
თავდასხმა კრემლზე? – რა (არ) ვიცით

რუსეთის ხელისუფლება უკრაინას ადანაშაულებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობასა და კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატებით [დრონი] თავდასხმაში და იმუქრება, რომ „იტოვებს უფლებას, უპასუხოს თავდასხმის მცდელობას, სადაც და როცა საჭიროდ მიიჩნევს“.

ოფიციალურ კიევი ბრალდებებს უარყოფს და ხაზს უსვამს, რომ უკრაინა სხვის ტერიტორიას თავს არ ესხმის.

ინტერნეტში ვრცელდება კადრები, – მათი ავთენტურობა ჯერ არ არის დადგენილი, – რომლებიც კრემლზე, ანუ პუტინის ოფიციალურ რეზიდენციაზე თავდასხმას ასახავს.

მოსკოვის განცხადებით, უკრაინის შეტევის შედეგად პუტინი არ დაშავებულა, მისი სამუშაო გრაფიკი არ შეცვლილა და იგი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

უცნობია ისიც, იყო თუ არა შესაძლო თავდასხმა უკრაინული მხარის მოწყობილი. არაა გამორიცხული, პუტინის ხელისუფლებამ ეს მოვლენა გამოიყენოს როგორც მიზეზი უკრაინაში წამოწყებული ომის შემდგომი ესკალაციისთვის ან რუსეთში კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი მობილიზაციისთვის. იმავეზე მიუთითებს უკრაინული მხარეც:

„რაც მოსკოვში მოხდა, 9 მაისამდე ვითარების დაძაბვის მორიგი [მცდელობაა]. მოსალოდნელი ილეთი ჩვენი მოწინააღმდეგებისგან“, – ამბობს ზელენსკის პრესსპიკერი სერგეი ნიკიფოროვი.

რა ვიცით ამ დროისთვის [17:45]

„კიევმა ღამით კრემლზე დრონებით შეტევა სცადა, მაგრამ თავდასხმა წარმატებით იქნა მოგერიებული“, – განაცხადა დღეს, 3 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურმა.

პრესსამსახურის ცნობით, ორი უპილოტო საფრენი აპარატი კრემლისკენ, პუტინის რეზიდენციისკენ იყო მიმართული.

„სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო სისტემების დროული ქმედებების შედეგად, მოწყობილობები მწყობრიდან გამოვიდა“, – ციტირებს პრესსამსახურს რუსული მედია.

კრემლი აცხადებს, რომ უკრაინის შეტევის შედეგად პუტინი არ დაშავებულა, მისი სამუშაო გრაფიკი არ შეცვლილა და პუტინი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. მოსკოვის ცნობითვე, არ შეცვლილა 9 მაისს გასამართი სამხედრო აღლუმის გეგმებიც.

ამ განცხადებებამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვში დრონების გაშვება აკრძალეს. თუმცა კრემლის სიახლოვეს დრონების გაშვება აქამდეც იყო აკრძალული და მათი მართვისთვის აუცილებელი გეოლოკაციის სისტემა არ მუშაობდა.

რეაქცია

რუსეთის ხელისუფლება მომხდარს „ტერაქტად“ აფასებს და აანონსებს, რომ როცა და სადაც საჭიროდ ჩათვლის, საპასუხო ზომებს მიიღებს. დუმის დეპუტატმა ანექსირებული ყირიმიდან, მიხაილ შერემეტმა სამთავრობო „რია ნოვოსტის“ უთხრა, რომ რუსეთმა სარაკეტო დარტყმა უნდა განახორციელოს პრეზიდენტ ზელენსკის რეზიდენციაზე კიევში.

უკრაინული მხარე მოსკოვის ბრალდებებს უარყოფს.

„არ გვაქვს ინფორმაცია ე.წ. ღამის შეტევებზე კრემლზე. თუმცა, როგორც პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, მთელ არსებულ ძალას და საშუალებას უკრაინა იყენებს საკუთარი ტერიტორიების გასათავისუფლებად და არა სხვებზე თავდასხმისთვის“, – ციტირებს ვოლოდიმირ ზელენსკის პრეს-სპიკერს სერგეი ნიკიფოროვს „მედუზა“.

მიხაილ პოდოლიაკის [უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი] განცხადებით, თავდასხმა კრემლზე, რომელშიც მოსკოვი უკრაინას სდებს ბრალს, სავარაუდოდ „წინააღმდეგობის ადგილობრივმა ძალებმა“ მოაწყვეს.

მისივე თქმით, უკრაინისთვის მსგავსი თავდასხმები „არანაირ სამხედრო ამოცანას არ ხსნის“, რუსეთს კი უკრაინელ სამოქალაქო პირებზე თავდასხმის გამართლების საფუძველს აძლევს.

მასალა განახლდება

მასალების გადაბეჭდვის წესი