ახალი ამბები

ჰილარი კლინტონისა და სააკაშვილის განცხადებები

5 ივლისი, 2010 • • 1109
ჰილარი კლინტონისა და სააკაშვილის განცხადებები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონისა და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში დემოკატიული პროცესების განვითარებაში ამერიკის მხარდაჭერას დიდი წვლილი მიუძღვის. 

,,ჩვენ ვრწმუნდებით იმაში, რომ ის პარტნიორობა, რაც ჩვენ ავაგეთ იზრდება და ფართოვდება.  საქართველო გახდება მაგალითი პოლიტიკული და ეკონომიკური რეფორმებისა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

,,მე საქართველოში ჩამოვედი იმ შეტყობინებით, რომ ამერიკა მხარს მყარად უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”, –  პრეზიდენტის რეზიდენციაში ჰილარი კლინტონმა თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით დაიწყო.

კლინტონი ამბობს, რომ მან და პრეზიდენტმა ობამამ ეს შეტობინება 24 ივნისს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე პირადად გადასცეს რუს კოლეგებს და მოუწოდეს, რომ დაიცვან იმ  ხელშეკრულების პირობები, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დაიდო.

,,ამაში შედიოდა ოკუპაციის შეჩერება, აგრეთვე  აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარის გაყვანა და მათი დაბრუნება კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე”, – განმარტა კლინტონმა.

ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს დემოკარტიისა და ეკონომიკის წარმატებას. კლინტონმა განაცხადა, რომ გრძელდება იმ ურთიერთობებზე მუშაობა, რომელიც  ამერიკა -საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით დაინერგა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ქართველ ჯარისკაცებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკა აფასებს იმ წვლილს, რაც საქართველომ ავღანეთისათვის გაიღო.

,,მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო თავიანთი სამსახურისათვის, თავდადებისა და სიმამაცისთვის. ეს წვლილი ძალიან დიდი მაჩვენებელია საქართველოს მონდომებული მცდელობისა, რომ დააკმაყოფილოს  ნატოში გაწევრიანების მოთხოვნები”.

ჰილარი კლინტონმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობას  ტერორისტთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მან პოზიტიურად შეაფასა არჩევნების ეუთოსა და ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად  ჩატარებაც.

ჰილარი კლინტონი ამბობს, რომ საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა რამდენიმე წლის განმავლობაში; გაიზარდა ცხოვრების სტანდარტები საქართველოში და შემცირდა კორუფციის მაჩვენებელი. კლინტონი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ვარდების რევოლუციის დროს დაწყებული სამუშაოები გააგრძელოს.

,,ამერიკა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაეხმაროს თავის პარტნიორ ქვეყნას,  დემოკარტიული პროცესების გასაძლიერებლად. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რომ მომავალი  უფრო თავისუფალი, დემოკატიული, აყვავებული და უსაფრთხო იყოს”, – განაცხადა კლინტონმა.

ჰილარი კლინტონის თქმით, არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება უკარნახოს სხვა ქვეყანას თუ როგორ მოიქცეს.

,,ჩვენ ვცხოვრობთ სუვერენიტეტულ ქვეყნებში. ამ ქვეყნებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, თუ რომელ ორგანიზაციაში სურთ გაწევრიანება,  ასევე   მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საკუთარი ხალხის ინტერესებს ემსახურება”.

შეკითხვაზე რატომ აწუხებს საქართველოს ბედი ამერიკას? კლინტონი ამბობს, რომ ამერიკას საქართველოსთან დიდი ისტორია აკავშირებს. ,,ვარდების რევოლუციამ ამერიკელებზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა.  

პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონში გაკეთებული განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს საკითხი ”ამერიკის საქმიანობის დღის წესრიგში უფრო და უფრო იზრდება”.   

პრესკონფერენციის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თბილისის ძველი უბნები დაათვალიერა, მოგვიანებით კი სასტუმრო თბილისი მერიოტში ოპიზიციის ლიდერებს შეხვდა.

ჰილარი კლინტონმა საქართველო საღამოს 6 საათზე დატოვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი