ახალი ამბები

“ოცნება” საგამოძიებო კომისიას არც ქოლცენტრების საქმეზე დაუჭერს მხარს

1 მაისი, 2023 • 861
“ოცნება” საგამოძიებო კომისიას არც ქოლცენტრების საქმეზე დაუჭერს მხარს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს არც ქოლცენტრების საკითხზე.

დღეს, პირველ მაისს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ მდინარაძემ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე მან კიდევ ერთხელ გაახმიანა „ოცნების“ პოზიცია და თქვა, რომ გუნდი სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.

მან ისაუბრა „რადიკალურ ოპოზიციაზე“ და კომისიის შექმნა საბოტაჟს დაუკავშირა.

„როდესაც ევრორეკომენდაციის შესრულებაზეა ლაპარაკი, რა დროს საპარლამენტო კომისიაზეა ლაპარაკი, რომელიც ხომ ჩანს, რომ სასამართლოსა და ქართული სახელმწიფოს დაზიანებისკენაა მიმართული. მათ [ოპოზიციას] აქვთ ეს მოლოდინი, რომც შეიქმნას, რეალობა თუ იქნება .. იქ ვერაფერი იქნება ისეთი, რაც შეიძლება დამაზიანებელი იყოს, მაგრამ ამ დროს, დღის წესრიგის შექმნა, შოუების დადგმა სასამართლოს წინააღმდეგ – ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესს, რომ შეასრულოს ყველა ევრორეკომენდაცია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმიტომ, რომ ვიღაცას არ მიეცეს საბაბი, რომ საქართველოს დააბრალოს რეკომენდაციების არშესრულება“, – დასძინა მან.

მისივე თქმით, ხელისუფლება საბაბს არ მისცემს ოპოზიციას იმ გეგმის შესასრულებლად – „ რომ საქართველოს არ მიეცეს სტატუსი და ამან გამოიწვიოს არეულობა“.

„ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პატარ-პატარა ნაღმები ჩადონ და ერთ-ერთი ნაღმია, არცთუ ისე პატარა, სასამართლოს შესახებ კომისიის შექმნის მოთხოვნა და ამ ნაღმს არ ჩავადებინებთ“.

ბრიფინგის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა მდინარაძეს, დაუჭერდა თუ არა ოპოზიცია მხარს ე.წ. ქოლცენტრების საკითხზე საგამოძიებო კომისიას.

„ქოლცენტრების შესახებ კომისიის შექმნას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ამას აქვს თავისი მიზეზი: ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველოს პარლამენტი არის საგამოძიებო ორგანო. წარმოიდგინეთ, ყველაფერს რომ მხარი დავუჭიროთ, ყველა განცხადებას კომისიის შექმნაზე, რაზეც შემოიტანეს ინიციატივები – საკანონმდებლო საქმიანობას საერთოდ უნდა შევეშვათ და შევითავსოთ საგამოძიებო ორგანოს ფუნქცია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ კომისიები უნდა შეიქმნას მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში.


დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სავარაუდო სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს, პარლამენტში ოპოზიციის მიერაა ინიციირებული. თუმცა კომისიის შექმნას „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება. ამიტომ მათ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის კენჭისყრა სამჯერ ჩაშალეს.

კერძოდ, იმისათვის, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, პარლამენტში კენჭისყრა უნდა გაიმართოს და საკითხს მხარი, მინიმუმ, 50-მა დეპუტატმა დაუჭიროს. კენჭისყრამდე კი საჭიროა სხდომაზე, სადაც მას კენჭი ეყრება, ქვორუმი შედგეს, რომლისთვისაც რეგისტრაცია, მინიმუმ, 76-მა დეპუტატმა უნდა გაიაროს.

თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში 76 დეპუტატი არაა. ამით სარგებლობდა საპარლამენტო უმრავლესობა და იმისათვის, რომ კომისია არ შექმნილიყო, კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობდა და, შესაბამისად, საჭირო ქვორუმი არ იკრიბებოდა და კომისიის შექმნას კენჭი ვერ ეყრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი