ახალი ამბები

თავდასხმა “ტვ პირველის” ჯგუფზე: ჟურნალისტი საგამოძიებოში დაიბარეს

1 მაისი, 2023 • 3959
თავდასხმა “ტვ პირველის” ჯგუფზე: ჟურნალისტი საგამოძიებოში დაიბარეს

ტვ “პირველის” ჟურნალისტი მაკა ანდრონიკაშვილი საგამოძიებო სამსახურში “გასაუბრებაზე” დაიბარეს გასულ კვირას დედოფლისწყაროში მომხდარი ინციდენტის გამო, თუმცა ჯერ უცნობია, დაიწყო თუ არა უწყებამ გამოძიება. ჟურნალისტი სიუჟეტს პრემიერ-მინისტრის მამაზე ამზადებდა. 

რა მოხდა 

საუბარია გასული კვირის ინციდენტზე, რომელიც კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაშინ მოხდა, როცა ჟურნალისტი მაკა ანდრონიკაშვილი და ოპერატორი გიორგი შეწირული სიუჟეტზე მუშაობდნენ. სიუჟეტი შაბათს, 29 მაისს გავიდა ეთერში.

სიუჟეტი ეხება დედოფლისწყაროში მდებარე ღვინის ქარხანას, რომლის მფლობელი კომპანიის 50%-იც, ტელეარხის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის სახელზე გადაფორმდა.

ტარიელ ღარიბაშვილი დედოფლისწყაროს სოფელ ხორნაბუჯშია რეგისტრირებული. ამავე სოფელშია “ქართული ფესვების” იურიდიული მისამართიც.

“ტვ პირველის” თანახმად, ეს კომპანია, სახელწოდებით “ქართული ფესვები”, წლების მანძილზე ისედაც ირაკლი ღარიბაშვილის მამას ეკუთვნოდა, თუმცა, სავარაუდოდ, ფიქციურ პირებზე ჰქონდათ გაფორმებული.

დეტალების გასარკვევად ქარხანასთან მისულ გადამღებ ჯგუფს იქ მყოფი პირი, ნუგზარ ალუღიშვილი აგრესიით შეხვდა. კადრებში ჩანს, როგორ ესხმის თავს და ემუქრება ბიზნესმენი ოპერატორს. ღარიბაშვილთან დაკავშირებული კითხვების საპასუხოდ ის სიტყვიერადაც შეურაცხყოფდა ტელეარხის წარმომადგენლებს.

ალუღიშვილთან ერთად, ინციდენტში მონაწილეობდა ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირიც, რომელიც, “ტვ პირველის” მიხედვით, ზაქარია ბოსტოღანაშვილია.

საჯარო რეესტრის თანახმად, ნუგზარ ალუღიშვილის ქალიშვილი, თამარ ალუღიშვილი, კომპანია “ქართული ფესვების” თანამფლობელია და ტარიელ ღარიბაშვილის მსგავსად, ისიც 50%-ს ფლობს.

ხსენებულ ქარხანასთან დაკავშირებით “ტვ პირველმა” პირველი სიუჟეტი გასულ წელს მოამზადა, როცა ღვინის ქარხნის მფლობელი კომპანიის წილები ჯერ კიდევ არ იყო გადაფორმებული ტარიელ ღარიბაშვილზე და თამარ ალუღიშვილი სრულად ფლობდა “ქართული ფესვების” 100%-ს.

მაშინ ტელეკომპანია ინფორმირებულ წყაროს იმოწმებდა და იუწყებოდა, რომ ქარხანა რეალურად პრემიერ-მინისტრის მამის იყო და მას არაფორმალურად განკარგავდა თამარ ალუღიშვილის მამა, ნუგზარ ალუღიშვილი.

“ღარიბაშვილებს ჩემთან არანაირი შეხება არ აქვთ, გარდა ნაცნობობისა, გარდა კარგი ურთიერთობისა”, — ამბობდა მაშინ ნუგზარ ალუღიშვილი.

პირველი სიუჟეტის გამო ალუღიშვილმა “ტვ პირველის” ჟურნალისტებს სასამართლოშიც უჩივლა.

გასულ კვირას კი, როცა მეორე სიუჟეტზე მუშაობისას თავს დაესხნენ, “ტვ პირველის” ჟურნალისტმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

გამოძიება ჟურნალისტზე თავდასხმაზე 

“მაკამ გამოიძახა პოლიცია, როცა იქ მიმდინარეობდა დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ დისტანცია ძალიან პატარაა და პატარა ქალაქია დედოფლისწყარო, მას დასჭირდა რამდენჯერმე გადარეკვა, რომ სამართალდამცავები დროულად მისულიყვნენ ადგილზე.

ადგილზე როცა მივიდნენ სამართალდამცავები, გაესაუბრნენ და უთხრეს შემდეგ, რომ უნდა წასულიყო პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში უთხრეს, რომ ეს იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე [საქმე]”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

მისივე სიტყვებით, ჟურნალისტი მაკა ანდრონიკაშვილი საგამოძიებო სამსახურში პირველი მაისისთვის დაიბარეს, რასაც უწყების პრესსამსახურშიც ადასტურებენ. უწყებაში ამბობენ, რომ ჟურნალისტი “გასაუბრებაზე” დაიბარეს.

“ნეტგაზეთის” დამაზუსტებელი კითხვის საპასუხოდ, დაიწყო თუ არა გამოძიება, გვეუბნებიან, რომ ჟურნალისტს “ჯერ უნდა გაესაუბრონ”.

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იყოს ყველაფერი, რასაც მოითხოვს საგამოძიებო სამსახური. ფიზიკური ანგარიშსწორება ხდებოდა ქუჩაში. ეს იყო ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული”, — ამბობს ნოდარ მელაძე.

რეაქცია 

“მედიის ადვოკატირების კოალიცია” გმობს დედოფლისწყაროში “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, ინციდენტი დროულად გამოიძიოს.

“ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთი უკანონობა”, — ასე აფასებს ორგანიზაცია ფაქტს, რომელთან დაკავშირებითაც საგამოძიებო სამსახურში “ტვ პირველის” ჟურნალისტი პირველი მაისისთვის დაიბარეს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მომხდართან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა სერიოზულ გამოწვევად რჩება ქართული მედიისთვის.

“ჟურნალისტების მიმართ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” აგრესიული რიტორიკა, ძალადობაზე უმოქმედობა, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები თუ მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია კიდევ უფრო ახალისებს მსგავსი სახის ძალადობას.

აღნიშნულის ფონზე, კიდევ უფრო შესამჩნევია ხელისუფლების მტრული დამოკიდებულება ნოდარ მელაძის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის მიმართ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ინციდენტის სწრაფ გამოძიებასთან ერთად, ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა მედიის ყველა წარმომადგენლისთვის”, — აცხადებს კოალიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი