ახალი ამბები

ოპოზიციამ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან 12 პუნქტის და სააკაშვილის საკითხები განიხილა

28 აპრილი, 2023 • 882
ოპოზიციამ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან 12 პუნქტის და სააკაშვილის საკითხები განიხილა

საქართველოში ვიზიტით მყოფი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ოპოზიციას შეხვდა.

შეხვედრაში, რომელიც პოლონეთის საელჩოში გაიმართა, ენმ-დან პეტრე ცისკარიშვილი, “ლელოდან” – დავით უსუფაშვილი და სალომე სამადაშვილი, “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგი ჩიხლაძე, “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია, “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატები – თეონა აქუბარდია და თაკო ჩარკვიანი მონაწილეობდნენ.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის 12 რეკომენდაციის საკითხს და პოლიტიკურ მართლმსაჯულებას საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საქმეების სახით.

“კონკრეტული საუბარი როგორ არ გვქონდა [სააკაშვილის გადაყვანაზე], მაგრამ მე არ შემეიძლია საჯაროდ გავახმაურო დეტალები, რომლებზეც ვისაუბრეთ. მაგრამ ერთს გეტყვით, რომ ბატონი მინისტრი, ისევე როგორც პოლონური სახელმწიფო და ევროკავშირი, ძალისხმევას არ აკლებს. როდესაც საუბარი იყო პოლონელი ექიმების ჩამოსვლაზე, ეს არ იყო მიშას ოჯახის მოწვეული კერძო ექიმები ან თუნდაც პოლონეთის მთავრობის ორგანიზებული. ეს ექიმები მოდიან ბრიუსელის ეგიდით და “რუსული ოცნება” იგონებს ყველანაირ ხრიკს, რომ არ შემოუშვას. ყველაფერი კეთდება, რომ ეს ჯგუფი ჩამოვიდეს სამედიცინო და იმავდროულად, დიპლომატიური მისიით”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

შეხვედრის დეტალებზე არც გიგა ბოკერიამ ისაუბრა.

“ჩვენი ამოცანაა, მოვიყვანოთ პროევროპული მთავრობა დემოკრატიული გზით. ჩვენ დაგვჭირდება პოლონეთის მხარდაჭერა და მანდ შეიძლება თავს უფლება მივცე, რომ ეს მხარდაჭერა გვექნება ჩვენი ისტორიული მისიის შესასრულებლად – ნატოში და ევროკავშირში გასაწევრიანებლად”, – თქვა ბოკერიამ.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში რაც შეიძლება გააკეთოს პოლონეთმა და საქართველოს ყველა მოკავშირემ დასავლეთში, ეს არის ზეწოლის გაზრდა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა მან კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი ნაბიჯები გადადგას.

“თუმცა ცხადია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში პროგრესი არათუ არ გვექნება, კიდევ ერთხელ ვდგავართ გამოწვევის წინაშე, რომ კანდიდატი სტატუსის გარეშე დატოვოს ქვეყანა.
საქმე ეხება არა მხოლოდ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას, არამედ საუბარი იყო, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრებით ხელისუფლებამ საბოტაჟი მოაწყო კანდიდატის სტატუსის მიღების”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი