ახალი ამბებისაზოგადოება

რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბა, დაღუპულთა შორის სამი წლის ბავშვია

28 აპრილი, 2023 • 1740
რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბა, დაღუპულთა შორის სამი წლის ბავშვია

გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის არაერთი ქალაქი, მათ შორის კიევის შემოგარენი დაბომბა, რასაც სულ მცირე 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 23 კი დაშავდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 23-დან 21 ჭურვის განეიტრალება შეძლეს, მათ შორის შეძლეს ორი დრონის მოგერიებაც, თუმცა ქალაქ უმანში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 9- სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. სამი წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა დაბომბვას დნიპროში, სადაც რუსეთის აგრესიის შედეგად კიდევ 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

კიევის ოლქის გუბერნატორის, რუსლან კრავჩენკოს თქმით, დედაქალაქიდან 50 კილომეტრში მდებარე ქალაქ უკრაინკაში ჭურვი მაღალსართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 13 წლის ბავშვი, რომელიც კიევის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წუხანდელ თავდასხმაზე კომენტირებისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „რუსეთის ტერორს უკრაინიდან და მსოფლიოდან სათანადო პასუხი უნდა გაეცეს“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყოველი ამგვარი თავდასხმა ბოროტებაა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც უფრო და უფრო ახლო მიჰყავს ტერორისტული სახელმწიფო დამარცხებასა და სასჯელთან:

„ჩვენ არ დავივიწყებთ არცერთ დანაშაულს, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ოკუპანტი გაექცეს პასუხისმგებლობას“, — განაცხადა ვოლდიმერ ზელენსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი