ახალი ამბები

მეტროში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დამესხნენ – აქტივისტი

28 აპრილი, 2023 • 1294
მეტროში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დამესხნენ – აქტივისტი

ქვიარ აქტივისტი ლუკა აბლოთია ამბობს, რომ 27 აპრილს მეტროსადგურ “გოცირიძეზე” ჰომოფობიის საფუძველზე თავს დაესხნენ.

„მე და ჩემი მეგობარი ვმგზავრობდით მეტროთი, გვქონდა შეხვედრა ჰოლანდიის ელჩთან. ვაგონში ასვლისთანავე ყურადღება არავისთვის მიგვიქცევია. ჩემთვის დავდექი და ჩემსავე ტელეფონს ვათვალიერებდი, რა დროსაც გავიგონე, რომ ვიღაც პიროვნება შეურაცხყოფას მაყენებდა – იძახდა, ეს პიდარასტიო.

სოციალურ ქსელში ჩემი აქტივობებისა და ზოგადად, ჩემი აქტივიზმიდან გამომდინარე, ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევები. მივბრუნდი, ვკითხე, ჩემზე ამბობთ-მეთქი და კი, შენზე ვამბობო. კითხვაზე, თუ რატომ მაყენებდა შეურაცხყოფას, მითხრა, მინდა და იმიტომ გაყენებო“, – იხსენებს აბლოთია “ნეტგაზეთთან” საუბარში.

აქტივისტის თქმით, ამის შემდეგ, უცნობმა პირმა თავდასხმა განიზრახა და მისი მიმართულებით დაიწყო გადაადგილება. აბლოთია ამბობს, რომ თან ჰქონდა წიწაკის სპრეი,  რამდენჯერმე გააფრთხილა უცხო პირი, რომ სპრეის გამოიყენებდა – „თუმცა, არ გაჩერდა. მაინც აპირებდა თავდასხმას, როდესაც ძალიან ახლოს მოვიდა, იძულებული გავხდი თავდაცვის მიზნით სპრეი გამომეყენებინა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მინდოდა“.

„მას შემდეგ, რაც სპრეი შევასხი, ის დაეცა და დაიყვირა „ჩაქოლეთ ეს პიდარასტიო“. რამდენიმე ადამიანმა დაიწყო ფიზიკური ძალადობა, მირტყამდნენ ფეხებს, ხელებს. ჩამომაგდეს ვაგონიდან. გოცირიძის მეტროსადგურზე პოლიციის პატარა ჯიხურია, ინციდენტის შემდეგ იქ მივედით და მივმართეთ პოლიციას. ერთ-ერთმა პოლიციელმა გამჩხრიკა, თუმცა არ გაჩხრიკა სხვა… ის თავდამსხმელი. ამასთანავე, მეუბნებოდა, რომ არ მქონდა სპრეის ტარების უფლება, არადა, სხვა გამომძიებლებიდან, ვიცი, რომ ამის უფლება მაქვს“, – ამბობს აბლოთია და დასძენს, რომ პირი პოლიციამ რაღაც დროით შეაკავა, თუმცა არ იცის, ამ დროსთვის დაკავებულია თუ არა.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო,  რაც მუქარას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი