ახალი ამბები

ხაბეიშვილი: ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ

27 აპრილი, 2023 • 919
ხაბეიშვილი: ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ენმ პარლამენტში ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს და გამოძიებაშიც აქტიურად ჩაერთვება:

„ჩვენ მზად ვართ, მათ შორის, მხარი დავუჭიროთ ინიციატივას ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით. არათუ მხარს დავუჭერთ, ჩავერთვებით გამოძიებაში. ამ საქმეზე მე ერთი წლის წინ სუს-ის უფროსს მივწერე, პროკურორს მივწერე. ცხადია, ეს დოკუმენტები არსებობს. თავად [ხელისუფლების წარმომადგენლები] არიან ამ საქმეშიც გარეული და კლანთან შესისხლხორცებულები“ ,— ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა თავდაპირველად პარტიიის „საქართველოსთვის“ წევრებმა გაახმიანეს. დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ამბობდა, რომ თუ BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟში მოყვანილი ფაქტები დადასტურდება, ქვეყანას მძიმე პოლიტიკური ქარიშხალი დაატყდება თავს და გაჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ ან არ გამოძია და აღკვეთა მსგავსი თაღლითური სქემების მუშაობა ქვეყნის ტერიტორიაზე საქართვეოს საგამოძიებო უწყებებმა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მიზანი უნდა იყოს, დადგინდეს, ვინ არის პასუხისმგებელი ამ მასშტაბის დანაშულის არ/ვერ აღკვეთაზე და ასევე ხელი შეუწყოს გამოძიებას სქემაში მონაწილე და მათი მფარველი პირების გამოსავლენად.

ხაბეიშვილი კი აცხაებს, რომ ე.წ. ქოლცენტრების უკან ხელისუფლების მაღალჩინოსნები დგანან.

რას ამბობს BBC კეზერაშვილზე

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მათ იდენტიფიცირებული აქვთ თაღლითური ქსელის 152 ბრენდი. პოლიციისთვის ეს ქსელის „მილტონ გრუპის“ სახელითაა ცნობილი, რომელიც თავდაპირველად 2020 წლამდე გამოიყენებოდა.

BBC-ის ჟურნალისტების გამოძიების თანახმად, „მილტონ გრუპთან“ დაკავშირებულ კომპანიებში დირექტორებად ფიგურირებს ხუთი ადამიანი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ეს სახელები და გვარები „პანამის დოკუმენტებში“ მოძებნეს და აღმოაჩინეს, რომ ოთხი მათგანი იყო ან დირექტორი, ან უფროსი ფიგურა კომპანიებში, რომლებიც „მილტონ გრუპამდე“ არსებობდა.

გამოძიების მიხედვით, საბოლოო ჯამში, ამ ინფორმაციამ ისინი დავით კეზერაშვილის სახელთან და გვართან მიიყვანა.

გამოძიების მიხედვით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც ქსელთან კეზერაშვილის კავშირს ადასტურებს, არ არის. აგრეთვე, არ არის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონ გრუპის“ ბრენდებში, თუმცა, როგორც ჟურნალისტებმა მოიკვლიეს, „პანამის დოკუმენტების“ თანახმად, „მილტონ გრუპამდე“ არსებულ ქსელში დამფუძნებლად ან აქციონერად ფიგურირებდა დავით კეზერაშვილი.

ასევე „მილტონ გრუპთან“ დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი ყვება, რომ მათ პირდაპირი კავშირი ჰქონდათ კეზერაშვილთან და იციან, რომ იგი ჩართულია ქსელის საქმიანობაში.

„ბი-ბი-სი“-ს ცნობითვე, კეზერაშვილი ხშირად აპიარებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს თავის სოციალურ ქსელებში, ხოლო მისი რამდენიმე კომპანია იყენებდა ელექტრონული ფოსტის კერძო სერვერებს, რომლებიც ასევე გამოიყენებოდა „მილტონ გრუპის“ კომპანიების მერე.

კეზერაშვილის პასუხი

თავად კეზერაშვილი საპასუხო განცხადებაში აღნიშნავს, რომ BBC-ის საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან კავშირი არასდროს ჰქონია.

კეზერაშვილის თქმით, აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი ბერკეტი BBC-ის საგამოძიებო მასალაში „ფაქტების უზუსტობის“ გამო.

დავით კეზერაშვილის სიტყვებით, ყოველთვის გამოთქვამდა მზადყოფნას და დღესაც მზადაა ე.წ. ქოლ-ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი