ახალი ამბები

პაპუაშვილი, მდინარაძე და კობახიძე დასანქცირების პრეტენდენტებად უნდა იქცნენ – კორძაია

26 აპრილი, 2023 • 2046
პაპუაშვილი, მდინარაძე და კობახიძე დასანქცირების პრეტენდენტებად უნდა იქცნენ – კორძაია

პარლამენტის დამოუკიდებული დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე დასანქცირების პრეტენდენტები უნდა გახდნენ, რადგან ისინი არიან მთავარი პირები, ვინც სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელს უშლიან.

ამის შესახებ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„მე ვფიქრობ, რომ თუ ასე გააგრძელებს „ქართული ოცნება“ პარლამენტში საქმიანობას, როგორც სამი მოქმედი და ერთი არამოქმედი მოსამართლე დაასანქცირდა და არასასურველ პირებად იქნენ გამოცხადებული აშშ-ისთვის, ასე პარლამენტში არის პერსონალურად პასუხისმგებელი სამი პირი:

  • პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც არაფერს აკეთებს პარლამენტში მოლაპარაკებებისთვის, რომ შეწყვიტონ ბოიკოტი – რეგისტრაციის გაუვლელობა;
  • პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ხელმძღვანელობს ამ პროცესს, რომ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას და ხალხმა არ გაიგოს, რა ხდება სასამართლოში;
  • ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

ეს სამი ადამიანი უნდა გახდეს დასანქცირების პრეტენდენტი, რადგან საბოლო ჯამში, ისინი პარალიზებას უკეთებენ საპარლამენტო საქმიანობას და ფაქტობრივად ადასტურებენ, რომ „კლანი“ არის ერთიანი და არავითარი „სასამართლო კლანი“ ცალკე არ არსებობს. ისინი არიან ერთად და ერთად აკეთებენ კანონის და კონსტიტუციის დარღვევას“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კორძაიას განცხადების პასუხად „ქართული ოცნების“ წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ „ეს არის ნონსენსი, ლოგიკა გაუმართავია და ამაზე დიდხანს მოცდენა არ ღირს“.


საქართველოს პარლამენტში რამდენიმე დღეა, ვერ ხერხდება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სავარაუდო სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი საპარლამენტო ოპოზიციაა, მოწინააღმდეგე კი, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა. ამიტომ, ისინი კომისიის შექმნას ხელს პროცედურული ხრიკებით უშლიან.

იმისათვის, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, პარლამენტში კენჭისყრა უნდა გაიმართოს და საკითხს მხარი, მინიმუმ, 50-მა დეპუტატმა დაუჭიროს. კენჭისყრამდე კი საჭიროა სხდომაზე, სადაც მას კენჭი ეყრება, ქვორუმი შედგეს, რომლისთვისაც რეგისტრაცია, მინიმუმ, 76-მა დეპუტატმა უნდა გაიაროს.

თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში 76 დეპუტატი არაა. ამით სარგებლობს საპარლამენტო უმრავლესობა და იმისათვის, რომ კომისია არ შეიქმნას, კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობს. შესაბამისად, საჭირო ქვორუმი არ იკრიბება და კომისიის შექმნას კენჭი ვერ ეყრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი