ახალი ამბები

ეროვნულ გამოცდებამდე ორი დღე რჩება

29 ივნისი, 2010 • • 2046
ეროვნულ გამოცდებამდე ორი დღე რჩება

 

გამოცდების ეროვნულ ცენტრში 36 500 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. წინა წლებთან შედარებით, უმაღლეს სასწვლებლებში წელს მეტი სტუდენტი მოხვდება –  სასწავლებლებს მათთვის 33 ათასამდე ადგილი აქვთ გამოყოფილი. თუმცა გრანტის მოსაპოვებლად, აბიტურიენტებისთვის წელს წესები შეიცვალა.

აბიტურიენტები სახელმწიფო დაფინანსებას არა მხოლოდ ზოგადი უნარების, არამედ ყველა გამოცდის შედეგის მიხედვით მიიღებენ. ყველა აბიტურიენტი ოთხ გამოცდას ჩააბარებს. გამოცდები დაიყო საგნებად – ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ისტორიასა და გეოგრაფიაში. 

2010 წლის ეროვნული გამოცდებისათვის სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესი შეიცვალა. სახელმწიფო გრანტი კვლავ სრული ან ნაწილობრივი იქნება, როგორც ეს აქამდე იყო. აბიტურიენტს საშუალება ექნება, მიიღოს 100%, 70%, 50%, 30%-იანი სახელმწიფო დაფინანსება. სხვა წლებისგან განსხვავებთ, წელს საგრანტო ქულას მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგით არ გამოითვლიან. გრანტის მისაღებად ის შედეგებიც იქნება გათვალისწინებული, რომლებსაც აბიტურიენტი დანარჩენ სამ გამოცდაში მიიღებს. მაგრამ გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მაია გაბუნია ამბობს, რომ ”ზოგად უნარებს, სხვა საგნებისგან  განსხვავებით, მაღალი კოეფიციენტი – 1,5  ექნება”. დანარჩენი საგნების კოეფიციენტი ერთია. აბიტურიენტის მიერ ყველა საგანში მიღებული სკალირებული ქულა ამავე საგნის კოეფიციენტზე მრავლდება და მათი ჯამით აბიტურიენტის საგრანტო შეფასება გამოითვლება.

წელს დაფინანსება არც ერთიანი რეიტინგული სიის მიხედვით გაიცემა. რადგანაც მეოთხე საგანი სავალდებულო გახდა, აბიტურიენტები ერთმანეთს კონკურენციას სწორედ ამ საგნის მიხედვით გაუწევენ.

,,დაფინანსების მოსაპოვებლად ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს  ყველა აბიტურიენტი, რომელიც ჩააბარებს მათემატიკას. ზუსტად ასევე,  ერთმანეთს შეეჯიბრებიან აბიტურიენტები, რომლებიც ჩააბარებენ ქიმიას, ფიზიკას, ლიტერატურას და სხვა”, – იუწყება ,,გამოცდების ეროვნული ცენტრის” ოფიციალური ვებგვერდი.

დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხებიც შესაბამისად განაწილდება. მთლიანი თანხის 7% თანაბრად განაწილდება ყოველ არჩევით საგანზე, თითოეულზე 1%, ხოლო დარჩენილი 93% – აბიტურიენტების მიერ არჩევითი საგნის არჩევის რაოდენობის მიხედვით.

,,მაგალითად, თუ ფიზიკას აირჩევს 3000 აბიტურიებტი და ქიმიას 1000, რა თქმა უნდა, პროპორციულად ფიზიკაზე უფრო მეტი თანხა გამოიყოფა მთლიანი დაფინანსებიდან”, – განმარტავს გაბუნია.

თუ აბიტურიენტი რამდენიმე არჩევით საგანს აბარებს, სახელმწიფო გრანტის მოსაპოვებლად მას ის სკალირებული ქულა დაეხმარება, რომლის ჩაბარებასაც კონკრეტული ფაკულტეტი სთხოვს. თუ ფაკულტეტის მოთხოვნა რამდენიმე არჩევითი საგანია, მაშინ დაფინანსება იმ საგნის ქულით გამოითვლება, რომლითაც აბიტურიენტი უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებს.

 

სხვა წლებისაგან განსხვავებით, წელს ყველა აბიტურიენტი ოთხ გამოცდას ჩააბარებს. აქედან სამი – ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები და უცხო ენა – ყველასათვის საერთო იქნება, ხოლო მეოთხე საგანს თავად ფაკულტეტი აირჩევს. ფაკულტეტს შეუძლია არა ერთი, არამედ რამდენიმე საგნის ჩაბარება მოსთხოვოს აბიტურიენტს.

არჩევითი საგნების ნუსხა ასეთია: მათემატიკა, ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია და ისტორია. წელს საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების გამოცდები ცალკე გამოცდებად დაიყო. აქამადე აბიტურიენტი ქიმია-ფიზიკა-ბიოლოგიასა და ისტორია-გეოგრაფიას ინტეგრირებული ტესტით აბარებდა, ახლა ყველა ამ საგანის ჩაბარება მას ცალ-ცალკე მოუწევს.

იმისათვის, რომ აბიტურიენტმა კონკურსში მონაწილეობა გააგრძელოს, მან გამოცდაზე მაქსიმალური ქულის 25%+ 1 უნდა აიღოს.  თუ გამოცდა 100 –ქულიანია და აბიურიენტი 25-ს ან 25-ზე ნაკლებ ქულას აიღებს, ის კონკურსში მონაწილეობას ვეღარ გააგრძელებს.

,,მინიმალური კომპეტენციის ზღვარი განსხვავებული იქნება მხოლოდ უცხო ენისათვის. უცხო ენაში აბიტურიენტმა მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი უნდა მიიღოს, რომ არ ჩაიჭრას”, – ამბობს მაია გაბუნია.

ზოგადი უნარების ტესტის შესავსებად აბიტურიენტს კვლავ სამი საათი ექნება. ტესტის მათემატიკურ და ვერბალურ ნაწილში 50 დავალების ნაცვლად 40 დავალება იქნება მოცემული.

მეოთხე, არჩევითი გამოცდის ჩაბარება არ მოუწევთ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ. ისინი მხოლოდ სამ სავალდებულო გამოცდას და იმ კონკურსს გაივლიან, რომელსაც ეს უმაღლესი სასწავლებლები აწესებენ. დაფინანსების მოპოვება ამავე კონკურსის მიხედვით მოხდება. კონკურსის შედეგის საფუძველზე, გრანტს მათთვის კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გასცემა.

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სოფიო ხუნწარია ამბობს, რომ სამინისტრო გრანტის განაწილების საკითხში არ ერევა.

,,ჩვენ მხოლოდ ვაფინანსებთ. სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია, თეატრალური და სხვა უმაღლესი სასწავლებლები თავად წყვეტენ, რამდენი უფასო ადგილი გამოყონ ფაკულტეტზე”.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, საერთო სამაგისტრო გამოცდაც ჩატარდება. სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად და სახელმწიფო გრანტის მოსაპოვებლად 7-8 ივლისს, ორ ეტაპად, ზოგადი უნარების გამოცდაა დანიშნული. სულ რეგისტრირებულია 7000-მდე მსურველი.

უმაღლეს სასწვლებლებში წელს იმაზე მეტი სტუდენტი მოხვდება, ვიდრე წინა წლებში. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებლებში პირველკურსელთათვის დახლოებით 33 000-მდე ადგილია გამოყოფილი. ეროვნული გამოცდები 23 ივლისს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი