ახალი ამბები

ტაკერ კარლსონი „ფოქს ნიუსს“ ტოვებს

25 აპრილი, 2023 • 1327
ტაკერ კარლსონი „ფოქს ნიუსს“ ტოვებს

ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა ტაკერ კარლსონმა, რომლის გადაცემასაც საშუალოდ სამი მილიონი ადამიანი უყურებდა, „ფოქს ნიუსი“ დატოვა. ტელერახის განცხადებით, მხარეები თანამშრომლობის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

„ფოქს ნიუსის“ განცხადებაში მეტი დეტალები არაა მოცემული. „ლოს ანჯელეს ტაიმსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კარლსონის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო არხის მფლობელმა, რუპერტ მერდოკმა.

ვინ არის ტაკერ კალრსონი

კარლსონი, თავისი პოპულარობის გამო, ხშირად ახდენდა გავლენას ამერიკელი კონსერვატორების და რესპუბლიკური პარტიის დღის წესრიგზე.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს კარლსონი მისი მოკავშირეც იყო, თუმცა ზოგჯერ აკრიტიკებდა კიდეც.

„ფოქსის“ დატოვების შემდეგ კი უკვე დაიწყო სპეკულაცია კარლსონის შესაძლო საპრეზიდენტო კამპანიაზე.

იგი რესპუბლიკური პარტიის პალეოკონსერვატიულ ფრაქციას მიეკუთვნება – ემხრობა სოციალურ, თუმცა არა ფისკალურ კონსერვატიზმს საშინაო პოლიტიკაში და არაინტერვენციონისტულს – საგარეოში.

საკამათოდ მიიჩნევა მისი პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის თაობაზე – სრულმასშტაბიან ომამდე მას ნათქვამიც კი აქვს, რომ მხარს რუსეთს უჭერს. მოგვიანებით თქვა, რომ ეს განცხადება ხუმრობა იყო.

„რატომ უნდა მადარდებდეს, რა ხდება უკრაინისა და რუსეთის კონფლიქტში? სერიოზულად. რატომ უნდა მადარდებდეს? რატომ არ უნდა ვგულშემატკივრბდე რუსეთს? ვგულშემატკივრობ კიდეც“, – ამბობდა კარლსონი.

გარდა ამისა, კარლსონის ზოგი გამოსვლა რუსულ სახელისუფლები მედიაშიც შუქდება, როგორც დასტური პუტინის პოლიტიკის სისწორისა.

აგრეთვე, კარლსონს ნათქვამი აქვს, რომ „აშშ და გაერთიანებული სამეფო რუსეთთან ტოტალურ ომს ითხოვენ“; გამეორებული აქვს რუსული ნარატივი, თითქოს უკრაინა არ არის რეალური ქვეყანა და „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იმართება“.

მისივე თქმით, ვაშინგტონი უკრაინას იარაღს აწვდის  „რუსეთის დასასჯელად“:

„უკრაინელებს იარაღს დასახმარებლად არ ვაწვდით. ამ ყველაფერში ისინი მხოლოდ უბედური პაიკები არიან. უკრაინას იარაღს რუსეთის დასასჯელად ვაწვდით. რატომ? ჰილარი კლინტონის [2016 წლის არჩევნებში] კორონაციის მოპარვისთვის“.

სარჩელი „ფოქს ნიუსის“ წინააღმდეგ

კარლსონის არხიდან წასლვა დაემთხვა „ფოქს ნიუსისა“ და ხმის მიცემის აპარატების მწარმოებლის, „დომინიონის“ სასამართლო დავის შედეგს. მხარეები სასამართლოს გარეშე მორიგდნენ და ტელეარხი „დომინიონისთვის“ 787 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა.

აპარატების მწარმოებლის სარჩელი „ფოქსის“ მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებას ეხებოდა.

ტელეარხის ეთერში ხმიანდებოდა ბრალდებები, რომ „დომინიონის“ წარმოებული აპარატები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იყო დაპროგრამებული და მიზნად ისახავდა ჯო ბაიდენის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბებას.

საქმის ფარგლებში გასაჯაროებული მიმოწერა კი აჩვენებს, რომ კარლსონის პოზიციები სხვადასხვა საკითხზე პირად საუბრებში განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ტელეეთერში ამბობდა. „ეი-ბი-სი“ იტყობინებოდა, რომ მიმოწერაში კარლსონი აცხადებდა, რომ ბრალდებები „დომინიონის“ მიმართ „აბსურდი“ იყო, მეორე დღეს კი, ეთერში საუბრობდა შესაძლო გაყალბებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი