ახალი ამბები

ნეაპოლის მუნიციპალიტეტი „ნაპოლი“ – „სალერნიტანას“ მატჩის გადატანას ითხოვს

24 აპრილი, 2023 • 1696
ნეაპოლის მუნიციპალიტეტი „ნაპოლი“ – „სალერნიტანას“ მატჩის გადატანას ითხოვს

ნეაპოლის მუნიციპალიტეტი იტალიის ჩემპიონატს – „სერია A“-ს მიმართავს, „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ შაბათს დაგეგმილი შეხვედრა კვირისთვის გადაიტანოს, იტყობინება იტალიური გამოცემა „ლა გაზეტა დელო სპორტ“.

გამოცემის ცნობით, მუნიციპალიტეტს სურს, ნაპოლის მატჩი „ლაციოსა“ და „ინტერის“ დაპირისპირების პარალელურად დაიწყოს. საქმე ის არის, რომ „ნაპოლის“ ჩემპიონატის მოგებისთვის სამი ქულის მოპოვების გარდა „ლაციოს“ მიერ ქულების დაკარგვაც სჭირდება.

თუმცა „ნაპოლიმ“ რომც მოიგოს და „ლაციომ“ ქულები დაკარგოს, გულშემატკივრები ვერ მოახერხებენ, ჩემპიონობა ნაპოლის საშინაო არენაზე, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე აღნიშნონ, ვინაიდან „ნაპოლი“ კონკურენტის შეხვედრამდე ჩაატარებს მატჩს.

შემდეგი შეხვედრა ჩემპიონატში „ნაპოლის“ „უდინეზესთან“ ექნება, უკანასკნელის მოედანზე. თუმცა შეხვედრის გადატანა შეიძლება ვერ მოხერხდეს – რეგულაციების თანახმად, მატჩებს შორის გუნდებს 72-საათიანი დასვენება უნდა ჰქონდეთ.

„ნაპოლის“ შემადგენლობაში ასპარეზობს ხვიჩა კვარაცხელიაც. ამ სეზონში მის ანგარიშზე 14 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი