ახალი ამბები

სუსი: „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური დავაკავეთ

22 აპრილი, 2023 • 1550
სუსი: „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური დავაკავეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა.

კონტრტერორისტული ცენტრის, გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი გამოძიების თანახმად, აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

„2013-2015 წლებში იგი ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში. დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების ე.წ. „ნაიბის“ პოზიციას იკავებდა“, — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ პაქსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა, რადგან საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი