ახალი ამბები

BBC-ის გამოძიების შემდეგ “ფორმულას” ტოვებს ტელეწამყვანი აკა ზარქუა

21 აპრილი, 2023 • 13442
BBC-ის გამოძიების შემდეგ “ფორმულას”  ტოვებს ტელეწამყვანი აკა ზარქუა

ჟურნალისტმა აკა ზარქუამ, რომელიც “ფორმულას” გადაცემის “მრგვალი მაგიდა” თანაწამყვანი იყო, ტელეკომპანია დატოვა. თავის გადაწყვეტილებას ის ხსნის ტელეარხის თანადამფუძნებლის, დავით კეზერაშვილი გარშემო განვითარებული პროცესებით.

“მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია ფორმულას თანადამფუძნებლის ირგვლივ განვითარებულ ამბებს. ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო გუნდი და, შესაბამისად, აღარ ვიქნები გადაცემა მრგვალი მაგიდის თანაწამყვანი.

მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლების და მეგობრების გუნდს, რომლებთან ერთად თავისუფლად ვაკეთებდი საყვარელ საქმეს.

წარმატებას ვუსურვებ მრგვალ მაგიდას და მთლიანად ფორმულას, რომლის არსებობაც შექმნილ ვითარებაში ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს”, — წერს ჟურნალისტი “ფეისბუკზე”.

ბრიტანული BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საქართველოს  თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “ფორმულას” თანადამფუძნებელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია “ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან”, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

კეზერაშვილი უარყოფს ჟურნალისტურ გამოძიებაში გახმიანებულ ბრალდებებს. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა “ფორმულას” თანამშრომლები დარწმუნებული იყვნენ, რომ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ცილისმწამებლურია, დაშვებები კი — უსაფუძვლო.

ამავე დროს, კეზერაშვილმა გაახმიანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც “ფორმულაში” თავისი წილის(51%) ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.

როგორც “ფორმულას” გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ, კეზერაშვილის ამ განცხადების შემდგომ თქვა, ამ ეტაპზე არ აქვთ გადაწყვეტილი, ვინ იქნებიან ტელეარხის ის თანამშრომლები, რომლებიც წილების გადაცემის შემდეგ “ფორმულას” თანამფლობელები გახდებიან.

თუმცა, გუმბარიძის განმარტებით, მათ შორის იქნებიან როგორც ტელეკომპანიის ცნობილი სახეები, ასევე სხვა დასაქმებულებიც.

ტელეკომპანიის დირექტორის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ “ფორმულა”, როგორც ბიზნესი, თვითკმარი არ არის, მის დაფინანსებას დავით კეზერაშვილი კვლავ განაგრძობს.

“ფორმულა” 2019 წელს, მას შემდეგ დაფუძნდა, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა. ტელეარხის თანამშრომელთა ნაწილმა მუშაობა სწორედ “ფორმულაში” გააგრძელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი