ახალი ამბები

ელჩი ღირსად არ თვლის ქართველ საზოგადოებას, რომ წარმოუდგინოს მტკიცებულები – კობახიძე

21 აპრილი, 2023 • 1135
ელჩი ღირსად არ თვლის ქართველ საზოგადოებას, რომ წარმოუდგინოს მტკიცებულები – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის ელჩი ქართველ საზოგაოდებას ღირსად არ თვლის, რომ ის მტკიცებულელები წარუდგინოს, რის გამოც აშშ-მა ქართველი მოსამართლეები დაასანქცირა.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი ამერიკული მხარისგან მტკიცებულებებს „პრინციპულად“ ითხოვს.

„ჩვენ კვლავაც ვითხოვთ მტკიცებულებების წარმოდგენას, თუმცა ვხედავთ, რომ დღემდე ელჩი არ თვლის ქართველ საზოგადოებას ღირსად, რომ წარმოუდგინოს მტკიცებულები, რომელიც დაკავშირებულია 4 მოსამართლის დასანქცირებასთან, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის არასწორი დამოკიდებულება ქართველი საზოგადოების მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე ქართველი მოსამართლეების დასანქცირება. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. აქედან გამომდინარე, კვლავაც პრინციპულად ვითხოვთ მტკიცებულებებს მისი მხრიდან, თუმცა დღემდე დუმილია ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სავარაუდო სამართალდარღვევების შესასწავლად ოპოზიცია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. თუმცა კომისიის შექმნას სწორედ „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება. იმისათვის, რომ კომისიის შექმნას ხელი შეუშალოს, „ქართული ოცნება“ პარლამენტის სხდომებზე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობს და შესაბამისი ქვორუმი არ გროვდება. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ეს მოსამართლეთა „სოლიდარობის აქტია“.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლა გულდასაწყვეტია.

„პარლამენტს აქვს ინსტრუმენტი ამ ბრალდებების, კორუფციის გამოსაძიებლად. ინფორმაციის დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია საჯაროდ, ბრალდებების საფუძველი უკვე წლებია ფართოდაა ცნობილი. ვფიქრობ, უკეთესი კითხვაა, რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო იმსახურებს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას“, – განაცხადა ელჩმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი