ახალი ამბები

ომბუდსმენი სასამართლოზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს

20 აპრილი, 2023 • 1585
ომბუდსმენი სასამართლოზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მხარს უჭერს სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ლევან იოსელიანის თქმით, საზოგადოება იმსახურებს დიდი ხნის დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემას.

„მესმის ეს რაღაც პროცედურული ომი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს, რომ ის კითხვები, რაც არსებობს საზოგადოებაში და ზოგადად, ამდენი ხანი დაგროვილია, დაისვას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. გამჭვირვალობა და ღიაობა ამ პროცესს მხოლოდ წაადგება“, — განუცხადა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს.

ოპოზიციის მიერ პარლამენტში ინიციირებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით. საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რისთვისაც ოპოზიციის ხმები საკმარისია. მმართველი გუნდი ზედიზედ ორი დღეა საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობს, თუმცა კენჭისყრების დაწყებამდე რეგისტრაციას არ გადის და ხელოვნურად აგდებს ქვორუმს, რათა საგამოძიებო კომისიის საკითხი კენჭისყრაზე არ დადგეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი