ახალი ამბები

ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება

20 აპრილი, 2023 •
ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი მოძრაობა აქციას აანონსებს. როგორც მოძრაობის დამფუძნებელი ბაჩანა შენგელია აცხადებს, გვარამიას დაპატიმრებით ხელისუფლებამ ქვეყანა ევროპულ მომავალს დააშორა და ევროკავშირის წევრობის პროცესის საბოტაჟი მოახდინა.

შენგელია აღნიშნავს, რომ 16 მაისს 1 წელი შესრულდება, რაც ნიკა გვარამია უკანონო პატიმრობაშია, მისი გათავისუფლება კი ერთ-ერთია ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის:

„ნიკა გვარამიას განაჩენი არის ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობის კლასიკური დადასტურება და ჩვენ რამდენიმე დღის უკან ვიხილეთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა 4 მოსამართლე, რაც არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქვეყანაში რეალურად მართლმსაჯულება არ გაგვაჩნია“ ,— აცხადებს ბაჩანა შენგელია.

მოძრაობის წევრების თქმით, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული მოლოდინისა, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია არ შეიწყალა, რითაც პრაქტიკულად თანამონაწილე გახდა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებისა, ახანგრძლივებს რა ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობას და ზიანს აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ამ კონტექსტში ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა ევროპარლამენტში 18 აპრილს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან:

„ჩვენი მოძრაობა იწყებს მუშაობის ახალ ეტაპს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, ამასთან, ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან, რათა კოორდინირებული მოქმედებით მაქსიმალური წნეხი განვახორციელოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე და ვაიძულოთ ისინი, უმოკლეს ვადაში გავათავისუფლოთ ნიკა გვარამია, რაც აღადგენს კანონიერებას და დაგვაახლოებს ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან.

ჩვენ ასევე ვგეგმავთ საპროტესტო აქციას, რომლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივაწვდით საზოგადოებას. ჩვენი მოძრაობა დაფუძნების დღიდან გაცხადებული მიზნის ერთგული რჩება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, — აცხადებენ მოძრაობის წევრები.

ნიკა გვარამიას პატიმრობა

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი