ახალი ამბები

„პატარა ნიურნბერგი“ — კობახიძე ენმ-ის წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს

19 აპრილი, 2023 • 1131
„პატარა ნიურნბერგი“ — კობახიძე ენმ-ის წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიძლება „ხელი გამოკრას“ საგამოძიებო კომისიას, რომელიც მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სისტემატიზაციას მოახდენს.

„[ეს იქნება] პატარა ნიურნბერგი ამ ადამიანებისთვის შეფასება-შეხსენების დონეზე. სისტემატიზაციის დონეზე უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი“, — განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

კობახიძემ აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე ოპოზიცია გლობალური ომის პარტიის სამსახურში დგას. მისი თქმით, გლობალურ ომის პარტიაში გულისხმობს „კონკრეტულ ვინმეს და რამეს“ და არა — ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს.

„რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური ნაცმოძრაობა, ვინც დღეს მხარს უჭერდა ამ ცვლილებებს, 6 დეპუტატის გამოკლებით, არიან უცხოური აგენტები და მათი ინიციატივაა, ყველანაირად შეფერხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება. ცუდი სასამართლო თუა, რატომ მოგცემენ კანდიდატის სტატუსს? ჩვენი ქვეყნის უბედურებაა ის, რომ აგენტურა საქართველოს მართავდა 9 წლის განმავლობაში. ჩვენი ქვეყნის უბედურებაა, რომ ისინი არიან მთავარი ოპოზიციური ძალა დღემდე”, — განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

ირაკლი კობახიძის თქმით, არის საუბარი, ხომ არ ჯობდა სხვანაირი მეთოდებით ბრძოლა ამ სუბიექტებთან, თუმცა ოცნება წინამორბედის მეთოდებს — რეპრესიებს ვერ გამოიყენებს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ბევრ რამეს უწევს ანგარიშს, მათ შორის კონსტიტუციას, ენმ-ის 500 000 ამომრჩეველს და სხვა.

„მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენი ამოცანა არის ამ პოლიტიკური ძალის განეიტრალება , იმიტომ, რომ არ შეიძლება, აგენტურა იყოს ხელისუფლებაში და არ შეიძლება აგენტურა იყოს თუნდაც მეორე პოლიტიკური ძალა და მთავარი ოპოზიციური ძალა ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს აგენტურა ჩანაცვლდეს ჯანსაღი, პატრიოტული ოპოზიციით. როცა საქმე ეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, მე მგონი, საბოლოო ჯამში, ხელს გამოკრავენ საგამოძიებო კომისიის შექმნას მათ წინააღმდეგ — კოლექტიური ნაცმოძრაობის წინააღმდეგ. ეს არც იქნება გამოძიება. სინამდვილეში, მათ კრიმინალს სჭირდება არა გამოძიება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სისტემატიზაცია. ყველამ კარგად იცის, რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი. უბრალოდ საჭიროა სისტემატიზაცია, რომელი ადამიანების სიცოცხლე შეეწირა ნაცმოძრაობას კრიმინალურ საქმიანობას 9 წლის განმავლობაში, რომლის წამება მოხდა, ვის ჩამოართვეს ბიზნესი, ვინ გაძარცვეს, როგორ ჩააბარეს რუსეთს ტერიტორიები, რა მოხდა 7, 8 , 9 აგვისტოს. ეს ხომ ყველამ იცის. საკმარისია აიღოთ მაშინდელი ტელევიზიების უწყვეტი კადრი და ყველას კარგად გაიხსენებს, რა დანაშაული აქვთ ჩადენილი და რა ავანტიურა ჰქონდათ დაგეგმილი“, — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით 10 წლის თავზე „შეიძლება იდეალური დრო იყოს, საზოგადოებას გაახსენონ, რა მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი წინა ხელისუფლებას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი