ორი დღეა პარლამენტში ვერ ხერხდება ოპოზიციის მიერ ინიცირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სავარაუდო სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს.

იმისათვის, რომ კომისია შეიქმნას, საჭირო ქვორუმისთვის რეგისტრაცია მინუმუმ 76-მა დეპუტატმა უნდა გაიაროს. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე მხოლოდ ოპოზიცია აღნიშნულ ქვორუმს ვერ კრებს. საპარლამენტო უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ეთანხმება, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის წევრები პლენარულ სხდომებს ესწრებოდნენ, მათ რეგისტრაცია არ გაიარეს, რათა ქვორუმი არ შემდგარიყო.

თუმცა, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრი ვალდებულია, პლენარულ სხდომაზე რეგლამენტით დადგენილი წესით გაიაროს რეგისტრაცია. თუ პარლამენტის წევრს ერთი თვის განმავლობაში ოთხზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევა დაუფიქსირდება, მას ხელფასის ნაწილი დაუკავდება.

კერძოდ, თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში არ გაივლის რომელიმე რეგისტრაციას, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაში დაუკავდება ხელფასის 5% (მაგრამ არაუმეტეს დღის განმავლობაში 10%-ისა). პარლამენტარის ხელფასი თვეში დაახლოებით 4000 ლარია.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ის პოლიტიკური შეხედულებების გამო ბოიკოტს აცხადებს და უარს ამბობს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე.