ახალი ამბები

ენმ-ის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს არჩევნების გზით 73 ოლქში აირჩევენ — ხაბეიშვილი

19 აპრილი, 2023 • 593
ენმ-ის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს არჩევნების გზით 73 ოლქში აირჩევენ — ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, რომლებიც პოლიტიკური საბჭოს წევრები გახდებიან, 73 საარჩევნო ოლქში აირჩევენ. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს, 19 აპრილს განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების ორგანიზების მიზნით 30 აპრილამდე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, მასში ჩართვა კი ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის პარტიის წევრებს და ამომრჩევლებს შეეძლებათ:

“ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ დაპირებული არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში. ვგულისხმობ ქალაქებს, რაიონებს და დედაქალაქს. ანუ საუბარია 73 საარჩევნო ოლქზე, სადაც ჩატარდება არჩევნები და, შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქში რაიონული საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ასევე ყველა რაიონს, ყველა ქალაქს, ყველა მუნიციპალიტეტს ეყოლება პოლიტიკურ საბჭოში წარმომადგენელი.

ანუ პოლიტიკური საბჭოს წევრის 73 მანდატი მთლიანად გადავეცით “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველს და აბსოლუტურად ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა როგორც არჩევნებში, ასევე იყვნენ წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფში”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფში ჩართვის მსურველებმა ან სხვა ინიციატივის მქონე დაინტერესებულმა პირებმა 30 აპრილამდე უნდა მიმართონ წერილობით “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი